მექსიკის პრეზიდენტმა მეუღლის მიერ 7 მილიონ დოლარად ღირებული ვილის ყიდვის გამო მოიბოდიშა

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ქვეყნის მოქალაქეებს ორი წლის წინანდელი სკანდალის გამო მოუბოდიშა, რომელიც მისი ცოლის მიერ 7 მილიონი დოლარის ღირებულების ვილის ყიდვას უკავშირდებოდა.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც მას და არც მის მეუღლეს კანონი არ დაურღვევიათ, ბინის შეძენა მაინც შეცდომა იყო.

”სახელმწიფო მოხელეებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ იმიჯზე, რომელსაც საკუთარი ქმედებებით ვიქმნით და ამ მხრივ ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პოლიტიკოსის მიერ ნახსენები სკანდალი 2014 წლის ნოემბერში მას შემდეგ აგორდა, რაც ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ მისმა ცოლმა ანხელიკა რივერამ მეხიკოს ფეშენებელურ რაიონში 7 მილიონ დოლარად ღირებული ვილა შეიძინა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვილა იმ კომპანიისგან შეიძინეს, რომელმაც მომგებიანი სახელმწიფო შეკვეთები მიიღო. ამის შემდეგ რივერამ განაცხადა, რომ სახლს გაყიდდა. გამოძიების შემდეგ ვერ მოხდა იმის დამტკიცება, რომ საქმეში ინტერესების კონფლიქტი ან კორუფციის ნიშნები არსებობდა.