აჭარის ტურისტულ ობიექტებს „იდუმალი სტუმარი“ შეაფასებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროექტის „იდუმალი სტუმარი“ ფარგლებში აჭარაში მდებარე 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხს „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, მომსახურების კვლევა „იდუმალის სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და 70 კვების ობიექტში განხორციელდება.

მათივე განმარტებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის.

„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.

„ბოლო წლებში „იდუმალი სტუმრის“ მეთოდით ჩატარებული კვლევით შესაძლო გახდა დარგში არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და ჩვენი სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა. დარგში დასაქმებულ კადრებს ჩვენ სწორედ „იდუმალი სტუმრის“ პროექტისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ვუტარებთ ტრენინგებს, ვუწევთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, თუ როგორ აღმოფხვრან ხარვეზები და გააუმჯობესონ ხარისხი,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხით ორ ახალ პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და „სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი“ ახორციელებს.