იანვარ-ივნისში მედიკამენტების იმპორტმა მთლიანი იმპორტის 34% შეადგინა

2016 წლის იანვარ-ივნისში სამკურნალო საშუალებები უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს წარმოადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, სამკურნალო საშუალებების იმპორტმა 1614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 34%-ია.

"აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტმა 1486 მლნ აშშ დოლარს მიაღწია", - ნათქვამია "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უმსხვილეს საიმპორტო საშუალებების ჯგუფში მეორე ადგილზეა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 243 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი იმპორტის 5%-ია. მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი - 219 მლნ აშშ დოლარით და მთლიანი იმპორტის 5%-ით.

რაც შეეხება საექსპორტი ჯგუფს, 2016 წლის იანვარ-ივნისის მონაცემების მიხედვით, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. "საქსტატის" ცნობით, საექსპორტო ათეულის მეორე ადგილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა, მესამე კი - ფეროშენადნობების ჯგუფმა დაიკავა.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტმა 148 მილიონი დოლარი და მთელი ექსპორტის 16% შეადგინა, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 75 მილიონი დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8%, ხოლო ფეროდშენადნობების ექსპორტმა 74 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი ექსპორტის 8%-ია.