”ცენტრ პოინტის” საქმის სასამართლო განხილვა დღეს განახლდება

”ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, სასამართლოში დღეს განახლდება. წინა პროცესი რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. როგორც ადვოკატმა განმარტა, კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი მისი დის, მაია რჩეულიშვილისა და გურამ რჩეულიშვილის დაკავება გახდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც თავის მხრივ გამოძიების ინფორმაციით, ”ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელი პირების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად დაზარალდნენ.

აღნიშნულ ეპიზოდზე „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა მაია რჩეულიშვილს ”ბათუმის მაგნოლიას” საქმეზე სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და ის ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. თაღლითობისა და თანხების მითვისების ეპიზოდებზე გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა“ თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.