„კონდიცირების სისტემის გაუმართაობის გამო, დღეს შესაბამის მარშრუტებზე 70 მიკროავტობუსი არ გავიდა“

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა. საინტერესოა, მოჰყვება თუ არა ამ განცხადება მძღოლების მხრიდან სწრაფი რეაგირება.

მძღოლებს კომპანიის დავალების საპასუხოდ თავიანთი არგუმენტები აქვთ. როგორც ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში ისინი აცხადებენ, სამარშუტო ტაქსებს ნაწილში გამაგრილებელი სისტემა გაფუჭებულია.

,,არ არის მართალი, რომ კონდინციონერები მუშაობს და ჩვენ არ ვრთავთ. მანქანების დიდ ნაწილში მწყობრიდანაა გამოყვანილი სისტემა, თორემ მთელი სამუშაო დღის ამ სიცხეში გატარება არც ჩვენ გვეხალისება. მოძველებული ,,მარშუტკებია” გავაკეთებთ თუ არა ყველაფერი მალევე ფუჭდება”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსის მძღოლი.

მისივე თქმით, ,,თბილისის მიკროავტობუსი” მძღოლებს ავალდებულებს, ნებისმიერი გაუმართავობა ე.წ. ,,გარაჟში” მოაგვაროს, სადაც მომსახურებისთვის გაცილებით მაღალ საფასურს იხდიან.

გარდა ამისა, მძღოლები აღნიშნავენ, რომ ავტომობილების გაუმართაობის გამო გამაგრილებელი სისტემის ჩართვა ძრავს დამატებით ძალას აყენებს და მათი ინფორმაციით, ამ მიზეზით, მოტორის მწყობრიდან გამოყვანა რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა.

მძღოლები აცხადებენ, რომ მათი ხარჯი იზრდება, მაშინ, როდესაც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" იჯარის გადასახადს არ უკლებს. მათი თქმით, ხარჯი განსაკუთრებით იმატებს ზაფხულის პერიოდში, როცა მგზავრთა ნაკადი ნაკლებია, მძღოლებს კი კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებენ. მათი მტკიცებით, კონდიციონერი საწვავის ხარჯს 15-20 ლარით ზრდის, როდესაც კომპანიამ მხოლოდ 2-3 ლარით დაუკლო მოსაკრებელი.

,,თბილისის მიკროავტობუსში” არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამაგრილებელი სისტემა რომელიმე სამარშუტო ტაქსიში არ მუშაობს. მათი განცხადებით, იმ შემთვევაში თუ მანქანაში არ არის გამართული კონდინციონერი, ის ხაზზე ვერ გავა.

,,დღეს მაგალითად, 70 მანქანა ვერ გავიდა ხაზზე სწორედ იმ მიზეზით, რომ არ მუშაობდა კონდინციონერი. ყველა მანქანა შემოწმებულია. კომპანიამ ჩადო ინვესტიცია და ზაფხულის დადგომამდე მიკროავტობუსები საკუთარი ხარჯებით გაარემონტა. ამ ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფი ავტოსადგომებზე მუშაობს და ტრანსპორტი, რომელშიც კონდინციონერი გაფუჭებულია ხაზზე არ გადის.”-აღნიშნავენ თბილისის მიკროავტობუსში.

ქრისტინე გამთენაძე