როგორ გახდა უკრაინელი იან კუმი ამერიკელი მილიარდერი

Facebook-მა მობილურ მესენჯერს WhatsApp 19 მილიარდი დოლარი გადაუხადა. აქედან 6,8 მილიარდი იან კუმის ანგარიშზეა - პროგრამისტის, რომელიც ერთ დროს მარკ ცუკერბერგმა დაიწუნა და სამსახურში არ აიყვანა...

იან კუმისთვის ამერიკული ოცნება სოციალური დახმარებით დაიწყო. ახალგაზრდა მილიარდერი უკრაინაში დაიბადა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დედამ აშშ-ში წაიყვანა საცხოვრებლად. მამა უკრაინაში დარჩა. ემიგრანტები ღარიბულად ცხოვრობდნენ - დედა ბავშვების მომვლელად მუშაობდა, იანი სუპერმარკეტში იატაკებს წმენდდა. მამასთან საუბარს ხშირად ვერ ახერხებდნენ ძვირად ღირებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის გამო.

იანი ძნელად აღსაზრდელი და მარტოსული მოზარდი იყო. უდარდელი კალიფორნიული ცხოვრება და ერთი შეხედვით მეგობრულად განწყობილი თანატოლები არ აინტერესებდა. წვეულებზე გართობებს კომპიუტერული ლიტერატურის კითხვას ამჯობინებდა. მოგვიანებით ჰაკერების კლუბის w00w00 წევრი გახდა. Yahoo-ში პოგრამისტად ისე დაიწყო მუშაობა, სან ხოსეს უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა. Yahoo-ში იმავე პერიოდში მუშაობდა ბრაიან ეკტონიც, რომელიც რეკლამით იყო დაკავებული. ბრაიანი და იანი განუყრელი მეგობრები გახდნენ.

WhatsApp - უფასო მესენჯერი სმარტფონებისთვის

”არავითარი რეკლამა, არავითარი თამაშები, არავითარი უაზრო საუბრები!” - ეს წარწერა წლების განმავლობაში ამშვენებდა იან კუმის სამუშაო მაგიდას. მისი თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ კუმს საერთოდ არ გააჩნია იუმორის გრძნობა, მუდამ მთავარზეა კონცენტრირებული. იანი და ბრაიანი Yahoo-ში თითქმის 20 წელი მუშაობდნენ ერთად და ერთადვე დატოვეს კონცერნი 2007 წელს. მეგობრები 1 წლის განმავლობაში სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდნენ. შინ დაბრუნებულებმა კი Facebook-ში სცადეს მუშაობის დაწყება, მაგრამ მარკ ცუკერბერგმა ისინი უპერსპექტივო თანამშრომლებად მიიჩნია. სწორედ მაშინ პირველად მოხვდა ხელთ იანს სმარტფონი და უმალვე გაიაზრა, რომ პერსპექტივა სმარტფონის პროგრამებშია. 2009 წლის თებერვალში იან კუმმა ფირმა WhatsApp დაარეგისტრირა.

WhatsApp მაშინვე იქცა მობილური ოპერატორების კოშმარად. სმარტფონების მფლობელებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასო გახდა, ასევე, შეგეძლო უფასოდ გაგეგზავნა ფოტოები.

ამჟამად WhatsApp-ს თითქმის ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. ყოველდღიურად მესინჯერის უპირატესობებით სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს. მარკ ცუკერბერგისთვის ერთ-ერთი კონკურენტის ასეთი მასშტაბური წარმატება გადამწყვეტ არგუმენტად იქცა და WhatsApp 19 მილიარდ დოლარად შეიძინა.

”რა საჭიროა წარწერა შენობაზე? - ისედაც ვიცით, სად ვმუშაობთ”

რისკი - კეთილშობილური საქმეა. WhatsApp-ის პირველი ვერსია ცუდად მუშაობდა. იან კუმი ფიქრობდა, თავი დაენებებინა ახალი წამოწყებისთვის და სტაბილური სამსახური ეშოვნა, მაგრამ ბრაიანმა გადააფიქრებინა. კუმმა ინვესტორი იპოვა - ჯიმ გიოცმა ვენჩურული ფირმიდან SequoiaCapital თავდაპირველად 8 მილიონი დოლარი დააბანდა, რასაც შემდგომ სხვა კრედიტები მოჰყვა. მაგრამ შენობას, სადაც ფირმა იყო განლაგებული, ბოლო წუთამდე აბრა არ ჰქონდა. ”ჩვენ ისედაც ვიცით, სად ვმუშაობთ”, - მშრალად პასუხობდა კუმი.

ამჟამად WhatsApp სმარტფონების ფაქტობრივად ყველა პლატფორმაზე მუშაობს. პროგრამა საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ ტექსტი, არამედ, ფოტო და ვიდეოც გააგზავნო. იან კუმმა ჯიუტად უარყო ყოველგვარი რეკლამა. WhatsApp-ის გადმოწერა უფასოდ არის შესაძლებელი, პერსპექტივაში, იანი სიმბოლური სააბონენტო გადასახადის - წელიწადში 1 დოლარი ოდენობით დაწესებას გეგმავდა. როგორ აპირებს Facebook ფულის გამომუშავებას WhatsApp-ის წყალობით, ჯერჯერობით უცნობია. სიმბოლურია, რომ ფირმის გაყიდვის შეთანხმებაზე იან კუმმა ხელი სწორედ იმ შენობაში მოაწერა, სადაც ერთ დროს სოციალური დახმარების რიგში იდგა.

დუდანა ზაქარაია