ჯერარნახული უფსკრული ექსპორტსა და იმპორტს შორის

სამკურნალო საშუალებების იმპორტმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი თავდაყირა დააყენა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 6 თვეში კანადიდან 1,488 მილიარდი დოლარის C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები შემოვიდა, რამაც სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელი კატასტროფულ ნიშნულზე აიყვანა (87%).

მედიკამენტები უფასოა, ამიტომ იმპორტის ასეთი ნახტომისებური ზრდა არ ნიშნავს, რომ ქვეყნიდან დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტა გაედინება. მის გარეშე, წინა წლებთან შედარებით, მცირდება როგორც ექსპორტირებული, ისე იმპორტირებული პროდუქტების მოცულობა.

ივნისში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობის სამკურნალო საშუალებები მიიღო - 865,626 მილიონი დოლარის. აქედან, დაახლოებით, 840 მილიონი C-ჰეპატიტის უფასო მედიკამენტებია. წლის პირველ ნახევარში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1,486 მილიონი დოლარის წამლები შემოვიდა. თუკი ამ მაჩვენებელს მთლიან იმპორტს გამოვაკლებთ, წმინდა იმპორტის მაჩვენებელი 3,271 მილიარდი დოლარი იქნება. უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი 2,23 მილიონ დოლარს, ანუ 55 პროცენტს გაუტოლდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანობაში 2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5,705 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 948 დოლარია (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 4,757 მილიარდი დოლარი (30 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივნისში 3,809 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა.

გამომდინარე იქიდან, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების იმპორტი კანადიდან ხორციელდება, საქართველოს 10 უმსხვილესი ქვეყნის სათავეში სწორედ ეს ქვეყანა მოექცა (1,3 მილიარდი დოლარი), მეორე ადგილს იკავებს თურქეთი (778 მილიონი დოლარი) და რუსეთი (390 მილიონი დოლარი).

წლის პირველ ნახევარში სულ ორად ორი პროდუქტის ექსპორტი გაიზარდა, ესენია: სპილენძის მადნები - 148 მილიონი დოლარი (28 მილიონი დოლარით მეტი) და ღვინო - 46,2 მილიონი დოლარი (7 მილიონი დოლარით მეტი).

საექსპორტო ათეულში შემავალი ყველა დანარჩენი პროდუქტი ისევ ვარდნას განიცდის: 24 მილიონი დოლარით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (75 მილიონი დოლარი), 36 მილიონი დოლარით - ფეროშენადნობები (74 მილიონი დოლარი), 4 მილიონი დოლარით - თხილი და კაკალი (69 მილიონი დოლარი), 5 მილიონი დოლარით - მინერალურ წყლები (40 მილიონი დოლარი). მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო და შიდა ბაზრებზე სტაბილურობის ნიშნები გამოჩნდა, ქართულ ექსპორტს ეს არ დატყობია.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ქართულ პროდუქტს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენცია უჭირს. ამიტომ ექსპორტიორები იძულებული არიან, ფასი შეამცირონ.

"საქართველო არც ერთი პროდუქტის მიხედვით მსოფლიო ბაზარზე ექსკლუზიური, უკონკურენტო მიმწოდებელი არ არის. ჩვენი პროდუქცია, მათ შორის ღვინოც, ადვილად ჩანაცვლებადია. შესაბამისად, კონკურენტული ბრძოლა იწვევს იმას, რომ ფასები მცირდება. მსოფლიო ბაზარზე დაგვჭირდება არასაფასო კონკურენციის ელემენტების გამოყენება, რათა შევინარჩუნოთ არსებული ნიშა ან კიდევ გავზარდოთ", - ამბობს სოსო არჩვაძე და ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს.

მისი განცხადებით, საქართველოს ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად ფეროშენადნობები, მსოფლიო დიდი კონიუნქტურულ რყევაში მოყვა, რასაც გარკვეულ პროდუქტზე მოთხოვნის გლობალური შემცირება ჰქვია.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის ლიდერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამკურნალო საშუალებებია, რომელთა იმპორტში, 6 თვეში 1,614 მილიარდი დოლარი და მთელი იმპორტის 34 პროცენტი შეადგინა. აქედან ცე ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტმა 1486 მილიონ დოლარს მიაღწია.

მეორე ადგილზეა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი - 243 მილიონი დოლარი. თანხობრივ მოცემულობაში ნავთობპროდუქტების იმპორტი, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 40 მილიონი დოლარით, თუმცა რაოდენობრივად ამ პროდუქტის იმპორტი იზრდება. თანხაში ასეთი ცვლილება გამოიწვია იმან, რომ შარშან ნავთობი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე წელს პირველ 6 თვეში. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფია - 219 მილიონი დოლარით და ავტომობილების იმპორტი ასევე კლებას განაგრძობს. შარშანდელთან შედარებით 37 მილიონი დოლარით ნაკლები ავტომობილი შემოვიდა.

წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან 1,394 მილიარდ დოლარს არ აღემატება. ამ შემთხვევაშიც დიდი წილი იმპორტზე მოდის. როგორც ჩანს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას ქართველი ბიზნესმენები ჯერ კიდევ ვერ იყენებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში 226 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა და ეს 22 პროცენტიან კლებას შეესაბამება. ამის საპირისპიროდ ისევ იზრდება იმპორტი, რომელიც, ორი კვარტლის მონაცემებით 1,168 მილიარდი დოლარის (4 პროცენტით მეტი). აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტი 25 პროცენტის ფარგლებშია, თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ შარშანდელთან შედარებით (32 პროცენტი), დეფიციტის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, ამ გაერთიანებასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1,153 მილიარდ დოლარს შეადგენს. დსთ-ის ქვეყნებთან მცირდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტიც. წლის პირველ ნახევარში დსთ-ში, შარშანდელთან შედარებით, 29 პროცენტით ნაკლები პროდუქტი გავიდა, ხოლო იქიდან 8 პროცენტით ნაკლები შემოვიდა. ამ შემთხვევაში დსთ-ის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტი 15 პროცენტია.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"