EBRD კომპანია "რუსთავის აზოტს" 155 მლნ დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კომპანია "რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს. შესაბამის შეთანხმებას დღეს EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ და Loyal capital group S.A.-ს დამფუძნებელმა და "რუსთავის აზოტის" მფლობელმა რომან ფიფიამ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ესწრებოდნენ. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, დაფინანსება გამოყენებული იქნება ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, რაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენებით განხორციელდება. შედეგად, ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება.

155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონ დოლარს EBRD გასცემს, ხოლო 30 მილიონ დოლარს - "საქართველოს ბანკი".

EBRD-ის მიერ გასაცემი 125 მილიონიდან 50 მილიონი ევრობანკის საკუთარი სახსრებია, 25 მილიონი - ჰოლანდიური ბანკ FMO-ს, ხოლო 50 მილიონი ლუქსემბურგში არსებული East West United Bank-ის.

EBRD-ის სესხის გაცემის მომენტისთვის "რუსთავის აზოტის" თანამფლობელი გახდება "საპარტნიორო ფონდი".

იხილთ ვიდეო PALITRANEWS-ზე