რომან გოცირიძე - კვლავ მძიმე მდგომარეობაა საგარეო ვაჭრობაში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოდან ექსპორტის კლებასა და ზრდას ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"კვლავ მძიმე მდგომარეობაა საგარეო ვაჭრობაში. ექსპორტი ისევ კლებულობს, იმპორტი კი ერთი

შეხედვით კატასტროფულად იზრდება. ეს უკანასკნელი უფრო ილუზიაა. იმპორტი დაახლოებით ნული პროცენტია წინა წლის ექვს თვესთან შედარებით. ამ ილუზიას C ჰეპატიტის წამლების უფასოდ შემოტანა ქმნის, რომელიც იმპორტში აღირიცხება და არსებითად ცვლის სურათს.

არავითარი ანალიზი ამ მხრივ სტატისტიკის სამსახურის მხრიდან, რაც ეს პროგრამა დაიწყო! უნდა ვიმარჩიელოთ, თუ რას უნდა ნიშნავდეს ესა თუ ის ანომალიური გადადახრა. შარშან ამას მივხვდით იმით, რომ უცბად ირლანდია გახდა ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც არასდროს ყოფილა მოწინავეთა სიახლოვეს. წელს კანადა ამხობს რეკორდებს: გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იმპორტში და უსწრებს მართლაც მთავარ პარტნიორებს-თურქეთსა და რუსეთს ერთად აღებულს. 6 თვეში თითქმის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა ამ ქვეყნიდან და უნდა ვივარაუდოთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა C ჰეპატიტის წამლები უნდა იყოს.

წამლების ეს უზარმაზარი ფასი ცალკე თემაა და ამაზე შევეცდები დღის განმავლობაში მოგაწოდოთ ჩემი აზრი.

მთავრობას კი მოვუწოდებ, როცა 41 მრჩეველი მხოლოდ პრემიერ-მუნისტრს ჰყავს და ათასობით ადამიანია დასაქმებული ”ეკონომიკურ-სტატისტიკურ” ბლოკში, ცოტა უკეთ ”ჩაგვიანალიზოს”რა ხდება ამ კუთხით. ამაზეა დამოკიდებული ლარის პროგნოზიც და იმიტომაცაა, რომ მთავრობის წინასწარმეტყველებები ძალიან არის დაშორებული რეალობისაგან", - წერს რომან გოცირიძე.