"საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს"

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ, თუ არ ვცდები, ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადა კანონმდებლობის შექმნისთვის. რაც ეხება თვითონ სტრუქტურის, ანუ ფონდის შექმნას, რომელშიც თანხების აკუმულირება მოხდება და შემდგომ უკვე ამ თანხების ინვესტირება, რა თქმა უნდა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მას შემდეგ, რაც კანონი დაიწერება, მათ შორის ფონდის დებულება გაიწერება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით მოხდება ფონდიდან ინვესტირება. ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ამ წუთში რა შეთანხმებაც არსებობს ისაა, რომ ჩვენ შევეცდებით, კერძო სექტორი ჩავრთოთ ამაში. ჩვენ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან, მათ შორის, ბიზნესასოციაციასთან მუდმივ შეხვედრებს ვმართავთ. რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებები იქნება მისაცემი როგორც კერძო სექტორისთვის, ისე თვითონ მოსახლეობისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღეს არსებული მოდელის შესაბამისად, საპენსიო რეფორმა ორი კომპონენტისგან შედგება - პირველი - შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს და მეორე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა. დაგროვებითი მოდელის კონცეფციის თანახმად, თანამონაწილეობის პრინციპი იქნება შემდეგნაირი, კერძოდ, საპენსიო ფონდში მოქალაქე განახორციელებს 2%-იან შენატანს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან, მას საპენსიო ანგარიშზე დამატებით 2-2% გადაურიცხონ. მთლიანი შენატანი 6% იქნება. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის ოქტომბრიდან მოხდება.