2030 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა გლობალური დათბობის გამო, 2 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

გაერო-ს ინფორმაციით, 2030 წლისთვის მსოფლიოს ეკონომიკა გლობალური დათბობის გამო 2 ტრილიონ დოლარს დაკარგავს.

გაერო-ს პროგნოზით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გლობალური დათბობის შედეგად, მოსახლეობის სამუშაო პროდუქტიულობის დაქვეითება იქნება.

"ძლიერი სიცხის გამო გართულდება მრავალი სახის საქმის შესრულება, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის. 43 ქვეყანაში, ძირითადად აზიის ქვეყნებში, შემცირდება წარმოება", - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.

ორგანიზაციის პროგნოზით,  ინდოეთში ყოველწლიური დანაკარგი 340 მილიარდ ფუნტს მიაღწევს, ჩინეთსა და მალაიზიაში - 188 მილიარდ ფუნტს, ტაილანდში კი 113 მილიარდ ფუნტს. 

როგორც კვლევის ავტორი ტორდ კელსტრომი ამბობს, გლობალური დათბობა გარდაუვალია და დაახლოებით 2050 წელს დადგება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნები, რომელთაც საშუალო დონის შემოსავლები აქვთ, მეტად იმყოფებიან რისკის ქვეშ. ამასთან,  მდიდარი ქვეყნები, სავარაუდოდ, ზარალის თავიდან არიდებას შეძლებენ.

ამავდროულად ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ნორვეგია და შვედეთი შესაძლოა, დაზარალდნენ არა სიცხის და სამუშაო პროდუქტიულობის დაქვეითების გამო, არამედ პირიქით, ზამთარში ტემპერატურის დიდი ვარდნის გამო.

ამერიკის ნაციონალური საოკეანო და ატმოსფერული კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2016 წელი შესაძლოა, თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იყოს.