დიმიტრი ქუმსიშვილი - „რუსთავის აზოტი“ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი , საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, „რუსთავის აზოტსა“ და EBRD-ს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო.

მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება „რუსთავის აზოტისთვის“ 155 000 000 აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც ამიაკის ხაზის წარმოების რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას მოხმარდება.

„კომპანია „რუსთავის აზოტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ჩვენი საექსპორტო კალათის მნიშვნელოვანი წილი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ თავისი საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს, შეამციროს ის ენერგოდანახარჯები, რომელიც მას გააჩნია და ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეს. პროცესში ჩართულია „საპარტნიორო ფონდიც“, რომლის ძირითადი ამოცანაა სწორედ ხელი შეუწყოს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ექსპორტის პოტენციალისა და ასევე სამუშაო ადგილების გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.