ჩინური კომპანიის საჩივრის გამო 100 ახალი ავტობუსის ტენდერი შეჩერებულია

Xiamen Golden Dragon Bus Co-მა მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაციის თაობაზე გაასაჩივრა.

მერიის განმარტებით, საჩივრის ძირითადი საფუძველი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და აბსურდული.

”კერძოდ, მათი განცხადებით, თითქოს შეუძლებელია ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივის მიხედვით, ავტობუსის მოდელს გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი (EC type-approval certificate). აღნიშნული წარმოადგენს საზოგადოებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანის მარტივ მცდელობას. ყველა დაინტერესებული პირისთვის განვმარტავთ, რომ ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-6 მუხლი, მე-9 მუხლი და სხვა დებულებები პირდაპირ ითვალისწინებს ავტობუსის მოდელის სერთიფიცირებას, რომლის შესაბამისად, შემდგომში წარმოებულ თითოეულ ავტობუსზე მწარმოებელი, როგორც სატრანსპორტო საშუალების "ტიპის დამტკიცების სერიტიფიკატის" (EC type-approval certificate) მფლობელი, ამავე დირექტივის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია გასცეს შესაბამისობის სერთიფიკატი,” - ნათქვამია მერიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიაში მიაჩნიათ, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი უსაფუძვლო საჩივრის გამო, სატენდერო პროცედურები და შესაბამისად, თბილისელებისათვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერებულია. ამის გამო, მერია მოუწოდებს დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონიტორინგი გაუწიონ მიმდინარე ტენდერს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საჩივრების განხილვის პროცესს.

სატენდერო კომისიის სხდომა, სადაც საჩივარს განიხილავენ, დღეს 17:00 საათზე გაიმართება.

თბილისის მერიის მიერ 100 ახალი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომპანიამ: Karex a.s. (IVECO), Tegeta Traq end bas (MAN), Solaris Bus & Coach a.s. (SOLARIS), Zengzhou Yutong Bus Co. LTD (YUTONG), Xiamen Golden Dragon Bus Co (GOLDEN DRAGON).

მერიის სატენდერო კომისიამ განიხილა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის- Xiamen Golden Dragon Bus Co-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ შემოთავაზებული ავტობუსის მოდელი არ აკმაყოფილებდა ტექნიკურ და ხარისხობრივ მოთხოვნებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მას არ ჰქონდა შემოთავაზებული ავტობუსის მოდელის ხარისხის დამადასტურებელი ევროპის პარლამენტის 2007/46/EC სერთიფიკატი (EC type-approval certificate), რაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ავტობუსების შეძენისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხდა აღნიშნული კომპანიის დისკვალიფიკაცია და სატენდერო კომისია მომდევნო დაბალი პრეტენდენტის, Zengzhou Yutong Bus Co. LTD-ის დოკუმენტაციას განიხილავდა. თუმცა, აღნიშნული განხილვები საჩივრის გამო დროებით შეწყდა.