„ცენტრ-პოინტის“ საქმის განხილვა 26 ივლისს გაგრძელდება

„ცენტრ-პოინტის“ საქმის განხილვა 26 ივლისს, 11:00 საათზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებმა დაადასტურეს, რომ „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მენაშენეებს მატერიალური ზარალი მიადგათ.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარის ადვოკატმა მარინა ცერცვაძემ. ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი მოითხოვენ მშენებლობის დასრულებას და ზიანის ანაზღაურებას.

„მოწმეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება და მშენებლობის დასრულება. ამას არ გაურბიან „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელები, თუმცა იმ დროს, როდესაც დაპატიმრებული არის მაია რჩეულიშვილი, ამ პროცესს ხელი ეშლება“, - განაცხადა მარინა ცერცვაძემ.

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულია სამი პირი - „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, ასევე მისი და რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია. მათ ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, თუმცა მაია რჩეულიშვილს „ბათუმის მაგნოლიას საქმეზე“ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და ის ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.