კობა გვენეტაძე - მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას

ლარის კურსი დოლარის მიმართ - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც მოსახლეობა მწვავედ განიცდის.

ეროვნული ბანკი ამ საკითხის მოგვარებას დოლარიზაციის შემცირებით ცდილობს. კონკრეტულად, რა არის მთავარი გამოწვევები ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტისთვის და როგორ აპირებს დიდ პრობლემებთან გამკლავებას, "რეზონანსი" კობა გვენეტაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

- უკვე რამდენიმე თვეა, ამ თანამდებობაზე იმყოფებით, იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც ფინანსურ სექტორში არსებობს, რა იქცა თქვენი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად?

- პარლამენტში ჩემი კანდიდატურის განხილვისას დავასახელე ის პრიორიტეტები და მიმართულებები, რომლებზეც აქტიურად ვიმუშავებდი. ერთ-ერთია მჭიდრო კომუნიკაცია მედიასთან. მოგეხსენებათ, მონეტარული კომიტეტის მუშაობის დასრულებისთანავე გავმართეთ ბრიფინგი და დეტალურად განვმარტეთ იმ დროს მიღებული გადაწყვეტილების მოტივი. 27 ივლისს მონეტარული პოლიტიკის მორიგი სხდომა შედგება და კვლავ გაიმართება ბრიფინგი. მეორე - მუშაობა დედოლარიზაციის მიმართულებით. დღეს საქართველოს ფინანსურ სისტემაში მთავარი პრობლემა დოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელია. მესამე - მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ფინანსური სისტემის განვითარებასა და ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვას ფეხდაფეხ უნდა მიჰყვეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი, რათა არ გვყავდეს უკმაყოფილო მომხმარებელი და დაზარალებული მსესხებელი. ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება აუცილებელია.

- ალბათ სჯობდა, დოლარიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებაზე ზრუნვა გაცილებით ადრე დაწყებულიყო, რათა ვალუტის გაუფასურებას მოსახლეობისთვის მასშტაბური ზიანი არ მიეყენებინა. ამჯერად რა პოლიტიკა დაიგეგმა ამ მიმართულებით?

როდესაც საუბარია დოლარიზაციაზე, ჩნდება კითხვა, რატომ არის იგი ასეთი მაღალი? ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო. საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.

მიზეზი, ალბათ, განვლილი პერიოდია. 90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი და საქართველოში ერთადერთი ვალუტა, რომელსაც გადახდისა და დაგროვების ფუნქციის შესრულება შეეძლო, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოჰყვება. ამ მიმართულებით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხთვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს.

- თუ განიხილება კომერციულ ბანკებში გარკვეული კატეგორიისა და მოცულობის სესხების დოლარში გაცემის შეზღუდვა? მსგავსი რეკომენდაცია ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც...

ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობთ, რომ არაჰეჯირებულ მსესხებლებს, რომლებიც დაუცველნი არიან ვალუტის მერყეობის რისკებისგან, უცხოურ ვალუტაში სესხის თავისუფლად აღების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. ასეთი სახის რეგულაციებს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს - სესხის გარკვეული მოცულობა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. მეორე მხრივ, თუკი ადამიანი ბანკიდან დოლარში სესხს ვერ მიიღებს, შესაძლოა არასაბანკო ორგანიზაციებს მიმართოს და ამან უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამასთანავე, თუკი შესაძლებელია, რომ დოლარში სესხის აღების მსურველს ირიბი საშუალებებით შევაცვლევინოთ აზრი, სჯობს, ეს მეთოდი გამოვიყენოთ.

დიახ, სავალუტო ფონდის მიერ იყო წინადადება, მაგრამ არ ყოფილა დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ჩვენსავე ინტერესშია, რომ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც სესხების მოცულობის ზრდას კვალს არ დამჩნევს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ყველა დეტალზე აქტიურად ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ დედოლარიზაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სტაბილურობას აიგივებს უცხოურ ვალუტასთან, რაც ასე არ არის. ზოგჯერ შეიძლება არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ, მაგრამ აუცილებელია, რომ არ ვუყუროთ მხოლოდ დღევანდელ დღეს. ეს მოგვცემს იმის საშულება, რომ დედოლარიზაციის მიმართულებით, გრძელვადიან პერიოდში მივიღოთ სასურველი შედეგი.

- ვიდრე დედოლარიზაციის შედეგს დავინახავთ, დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი არის ლარის კურსის გამყარება. გასაგებია, რომ, კანონმდებლობით, ეროვნული ბანკი კურსის ფორმირებაზე არ არის პასუხისმგბელი, მაგრამ თქვენს უწყებას აქვს ყველაზე მეტი ბერკეტი, განსაკუთრებით მოკლევადიანი რყევების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში რა როლი უნდა შეასრულოს ეროვნულმა ბანკმა ან რამე სახით თუ გამოიხატება მისი პასუხისმგებლობა?

- მართალი ბრძანდებით, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა. ხშირად არის პრეტენზია, როდესაც კურსის მერყეობა ხდება, ეროვნული ბანკი კომენტარს რატომ არ აკეთებს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა. ზოგჯერ, უბრალოდ, შეუძლებელია ისაუბრო, თუ რატომ მოხდა გაუფასურება, ამ ყველაფერზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ეროვნულ ბანკს შეუძლია, ტექნიკურად, დიდი ინტერვენცია განახორციელოს და ჩაახშოს ის მოვლენა, რომელიც გაუფასურებაზე მოქმედებს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური ფაქტორების უფრო მეტად დაგროვება ხდება. ერთხელ დავიცავთ კურსს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება. ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის უფრო მასშტაბურ გაუფასურებასა და ზიანს მივიღებთ. ეროვნული ბანკი კურსის მოკლევადიანი მერყეობის დაბალანსებაში არ ერევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კურსის გადამეტებული მერყეობა რამე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით არის გამოწვეული.

როდესაც ლარი მყარდებოდა, ამბობდნენ, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა ჩარეულიყო და დოლარი არ უნდა შეესყიდა. რეალურად გამყარება დაიწყო უფრო დიდი სიჩქარით, ვიდრე ამის ფუნდამენტური საფუძველი არსებობდა. ამიტომ გახდა საჭირო ჩარევა. ახლა ამბობენ, რომ როდესაც გაუფასურების პროცესი დაიწყო, უცხოური ვალუტა მაშინვე უნდა გაგვეყიდა. ამის პროპორციული აღქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი მიდგომა, გრძელვადიან პერიოდში, ლარის სტაბილურობას ხელს ვერ შეუწყობს.

2007 წელს, როდესაც ლარი მყარდებოდა, მაშინაც აკრიტიკებდნენ ეროვნულ ბანკს. ორივე შემთხვევაში ვიღაც იქნება უკმაყოფილო. საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ და კურსს ერთ ნიშნულზე ვერ გავაჩერებთ.

- კრიტიკა, ძირითადად, ეხება დიდ რყევას, როდესაც ვალუტა 10-20%-ით ერთბაშად უფასურდება...

- გასაგებია, რომ დიდი მერყეობა არასასურველია და უკვე აღვნიშნე, პრევენციისთვის რაც არის საჭირო. შარშან მოხდა ჩარევა ინტერვენციებით, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ეროვნული ბანკი იყენებს. ზოგადად, ალბათ, მაინც დროის ამბავია, უნდა შევეჩვიოთ გაცვლითი კურსის ორმხრივ მოძრაობას, რადგანაც კურსის ხელოვნური გაჩერება უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას შეგვიქმნის და მოგვიანებით უფრო დიდ შესწორებას მოითხოვს.

- ცოტა ხნის წინ, როდესაც ლარი დოლარის 2,12 ნიშნულიდან 2,36 ნიშნულამდე გაუფასურდა, საზოგადოება ითხოვდა, რომ ეროვნულ ბანკს განმარტება გაეკეთებინა, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა შეგიძლიათ უთხრათ მოსახლეობას, რამ გამოიწვია ასეთი დიდი ნახტომი?

- დავიწყოთ იმით, რომ გაზაფხულიდან ექსპორტის, გადმორიცხვების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. იმპორტი ისევ მცირდებოდა, ამასთანავე იზრდებოდა შემოსავლები ტურიზმიდან. ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა გამყარების დაწყების საფუძველი, რასაც დაემატა აჟიოტაჟი. შეიქმნა მოლოდინი, რომ მკვეთრი გამყარება მოხდებოდა და ეს პროცესი ასევე გაგრძელდებოდა, მსგავსი რამ ეკონომიკაში არ არსებობს. ამიტომ ყველა ცდილობდა, დოლარი მოეშორებინა. შედეგად ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გამყარდა, ვიდრე ამის ობიექტური საფუძველი არსებობდა. ამიტომ გახდა ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო. რომ არ ჩავრეულიყავით, ლარი უფრო მეტად გამყარდებოდა, საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა ობიექტურ ნიშნულს. ასეთ შემთხვევაში გაუფასურების ამპლიტუდა გაცილებით დიდი იქნებოდა. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ეკონომიკური კონიუნქტურის ნაწილი და აჟიოტაჟი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით.

- დღეს, ეკონომისტთა ერთი ნაწილი ეჭვის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასა და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის გაზრდასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ კომერციულ ბანკებს დიდი რაოდენობით ვალი აქვთ დოლარში გასასტუმრებელი და სარეზერვო ნორმის გაზრდამ დოლარის კიდევ უფრო მეტი დეფიციტი შექმნა, რამაც კურსის გაუფასურება გამოიწვია. რატომ გახდა ასეთი პოლიტიკის გატარება მაინცდამაინც ახლა საჭირო და რა გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ კურსის ფორმირებაზე?

- დავიწყოთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით: ეს არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეროვნული ბანკი აანლიზებს მდგომარეობას, აკეთებს პროგნოზს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ყველა პირობა არსებობდა იმისათვის, რომ მონეტარული პოლიტიკა შეგვერბილებინა. ამის დასადასტურებლად ნათელი მაგალითია ივნისის ინფლაციის მაჩვენებელი - 1,1%. ეს არის ძალიან მცირე ინფლაცია.

რაც შეეხება სარეზერვო მოთხოვნებს, ამასაც ვუყურებთ ფინანსური სტაბილურობის კონტექსტში. 2015 წლიდან დეპოზიტების დოლარიზაცია ძალიან გაიზარდა, რაც ხელს უწყობს სესხების დოლარში გაცემას. სესხების დოლარიზაცია, თავის მხრივ, ფინანსურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, ვინაიდან თუ ვალუტა გაუფასურდა, მსესხებელი გადახდისუუნარო ხდება. ბანკი ვეღარ მოახერხებს ახალი სესხის გაცემას და უკვე პრობლემები გაჩნდება ეკონომკაშიც. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ხელი შეგვეშალა დოლარში სესხის გაცემისთვის, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეროვნულმა ბანკმა ეს ნაბიჯი ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად გადადგა. ამავე დროს ლარში შევამცირეთ სარეზერვო მოთხოვნები, ბანკებს ეს ფული უკან დავუბრუნეთ და მივეცით საშუალება, ლარში სესხების მოცულობა გაზარდონ. მიმაჩნია, რომ დედოლარიზაციის მიზნით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არ ვფიქრობ, რომ ამან ლარის კურსზე რამე სახის გავლენა მოახდინა.

- დავუბრუნდეთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთ პრიორიტეტს - კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომელიც რამდენიმე წელია, ჩანასახოვან მდგომარეობას ვერ გასცდა. ამჯერად რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით? საფონდო ბირჟებს კომერციული ბანკები აკონტროლებენ და მუდმივად ისმის კრიტიკა, რომ ეს პროცესი სიტემის განვითარებას კიდევ უფრო აფერხებს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით გაკეთდა მიმოხილვა, რომელიც უკვე გამოცემულია. ფინანსური ბაზრის განვითარება არის საკმაოდ მრავლისმომცველი მიმართულება, ბევრი კანონი თავიდან უნდა დაიწეროს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონი. ბევრი წესი უნდა გადაიხედოს. ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ამ დროისთვის, მიდის მუშაობა დაზღვევის სიტემის კუთხით, რაც ძალიან დაეხმარება ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურებას. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტრო უშვებს სხვადასხვა ვადიან ფასიან ქაღალდებს, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა - ევროპის საინვესტიციო განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი. ესეც დაეხმარება განვითარების პროცესს. მნიშვნელოვანია კორპორაციული ბონდების გამოშვება, ეროვნული ბანკი ამ მიმართულებითაც მუშაობს. რაც შეეხება იმას, რომ ბანკებს აქვთ საფონდო ბირჟა, ამ საკითხს გავეცანი და ვერ დავინახე პირდაპირი კავშირი, რომ ეს განვითარების პროცესს აფერხებს. რა თქმა უნდა, სტურქტურასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამის გადახედვაც მოხდება.

-  ასევე მნიშვნელოვანი საკითხია კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის მართვა, რომელიც კონკრეტულ სფეროებში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას ხელს უშლის. 2015 წლის ბოლომდე ბანკებს არაპროფილური ბიზნესი უნდა დაეტოვებინათ. ქაღალდზე მოხდა ბალანსების გამიჯვნა, მაგრამ კონკრეტული კომპანიები ისევ ბანკების ქოლგის ქვეშ რჩებიან...

- გამიჯვნა ნამდვილად მოხდა. შვილობილი ორგანიზაციები ცალ-ცალკე აგრძელებენ საქმიანობას. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად მოხდა კორპორაციული მართვის პრინციპების დაცვა. ეს შედარებით ახალი გაკეთებულია და ვნახავთ, პრაქტიკაში რას მოიტანს.

- მესამე პრიორიტეტი საბანკო მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ფინანსური განათლების დონე არის დაბალი. ამ მხრივ რა ნაბიჯები გადაიდგა?

- ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მსესხებლის უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. მათ არ უნდა დაატყდეთ თავზე "სიურპრიზები" მას შემდეგ, რაც საბანკო პროდუქტით ისარგებლებენ.

- ბანკების მიერ შეთავაზებული ხელშეკრულებები ამ სიურპრიზების საშუალებას იძლევა?

- ჩვენი მოვალეობაა, ნათლად იყოს გაწერილი ყველა პირობა, რომლითაც მსესხებელი ისარგებლებს. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ უთვლის თუ არა ბანკი მომხმარებელს ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ასევე იყო პრეტენზია, რომ რამდენიმე ბანკი კრედიტის წინსწრებით დაფარვისას მომხმარებელს სრულ პერიოდზე დარიცხულ საკომისიოს სთხოვდა. ეროვნულმა ბანკმა გამოიკვლია ეს საკითხი და ამის შემდეგ წინსწრებად დაფარვის პროცედურაში ცვლილება მოხდა. ახლა თუ წინსწრებად გინდათ სესხის გადახდა, მიმდინარე ეტაპზე მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დარჩენილი ძირი, გამოყენებული პერიოდის პროცენტი და მაქსიმუმ 2% წინსწრების საკომისიოს სახით. ეს წესი უნდა იცოდეს ბევრმა და გაარკვიოს. ეროვნულ ბანკში შექმნილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური, რომელიც აგროვებს ინფორმაციას და ახდენს რეაგირებას. კარგად მოგეხსენებათ, რომ საბანკო სექტორის საქმიანობას არეგულირებს ეროვნული ბანკი, თუმცა ამ კუთხით გაცილებით პრობლემურია არასაბანკო სექტორი. ვმუშაობთ იმაზეც, რომ ის მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების მიმართ ტრანსპარენტულობისა და ინფორმაციის გამჟღავნების მიმართულებით, მაქსიმალურად დავნერგოთ არასაბანკო სექტორშიც. არასაბანკო სფეროში მომხმარებელთა საკითხებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დამატებითი მოთხოვნა დაუდგინოს. ძალიან კარგია, რომ ფინანსურ განათლებასაც მივაქციოთ ყურადღება. გავაკეთეთ ფინანსური განათლების სტრატეგია, რომლის პრეზენტაცია თვის ბოლოს გვექნება, გავავრცელებთ ვიდეორგოლებს, ბროშურებს. გვინდა, რომ ფინანსურ განათლებას სკოლის ასაკიდან მიექცეს ყურადღება და ამ საქმეში ჩავრთეთ განათლების სამინისტროც.

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"