მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს პენიტენციურ დაწესებულებაში ან მის გარეთ დასაქმება შეეძლებათ

ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმდეს.

„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, „პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი“ დამტკიცდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადდა და მასში გაწერილია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დასაქმდეს ბრალდებული/მსჯავრდებული, კერძოდ - მცირე სარემონტო სამუშაოები (იატაკისა და ჭერის მოწყობა, ღებვა, კედლების შეფითხვა, სველი წერტილების შეკეთება); ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გაზონების მოწყობა/მოვლა; ავეჯის, მათ შორის - საწოლის, მაგიდის, სკამის, ტუმბოს და სხვა ნივთების შეკეთება; ასევე, სხვა სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და არ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

ბრძანების თანახმად, აკრძალულია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს, ასევე, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება ისეთ სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების ფასადის შეღებვასთან, სახურავების მოწყობასა და შეკეთებასთან.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, დასაქმება შესაძლებელია მისი წერილობითი განცხადებით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციით, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ბრძანების თანახმად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, შეიძლება გაყვანილნი იქნენ სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, კანონმდებლობით დადგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, შესაბამისი ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება, როგორც წესი, დღიურად, დღეში 20 ლარის ოდენობით, ნამუშევარი საათების შესაბამისად განისაზღვრება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით სასჯელაღსრულების სამინისტრო არაერთ სიახლეს ნერგავს. მათ შორისაა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების ონლაინრეალიზაცია, რაც ერთი მხრივ, ხელს უწყობს მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავლის მიღების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით.