"გრძელვადიან პერიოდში რუსეთი იმდენად არასტაბილური ბაზარია, რომ შესაძლოა დაგვაზარალოს"

"საქსტატის" ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3809 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში 22%-ით - 226 მილიონ დოლარამდე შემცირდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან, ხოლო 1168 მლნ დოლარამდე - 4%-ით გაიზარდა იმპორტი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 24 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24% და იმპორტში 25%.

ცოტა ხნის წინ დოლართან მიმართებაში სწრაფი გამყარების შემდეგ გაუფასურება დაიწყო ლარმაც.

უკავშირდება თუ არა ლარის დევალვაციის თითქმის შეუქცევადი პროცესი ექსპორტის შემცირებას ამ კითხვით "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტ ბესო ნამჩავაძეს მივმართეთ. ნამჩავაძეს მიაჩია, რომ ლარის კურსზე ექსპორტის შემცირებას გავლენა აქვს, თუმცა მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება აჟიოტაჟით იყო განპირობებული და ახლანდელი კურსი ქართული ეკონომიკის რეალური მაჩვენებელია.

"ბუნებრივია, ლარის გაუფასურება ექსპორტის შემცირებასთან გარკვეულ კავშირშია, თუმცა მხოლოდ აქედან არ გამომდინარეობს. ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებთ შემცირებულია დაახლოებით 31 მილიონამდე. როდესაც ლარის კურსი 2.13-მდე იყო ჩამოსული, ვამბობდი, რომ ეს გამყარება ეკონომიკური საფუძვლებით არ იყო განპირობებული. გარკვეული მოლოდინის გამო ლარმა სწრაფი გამყარება დაიწყო და ახლა უკვე 2.34-2.35 შორის მერყეობს. 24 -27 ივნისიდან მოყოლებული ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ვაჭრობა ბოლო დღეებში ვალუტაზე პოზიტიურად არ ასახულა. იმპორტი თითქოს გაიზარდა, მაგრამ გამოქვეყნებული მონაცემებით, დაახლოებით მილიარდი დოლარის სამკურნალო საშუალებები შემოვიდა კანადიდან. თუ ამ რიცხვის იმპორტის მთელ ნაწილს გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ პირიქით ივნისის თვეში იმპორტი შემცირებულია. ჯამში იმპორტ-ექსპორტის ბრუნვამ გასულ თვეს ლარის კურსზე ზეწოლა შეამსუბუქა. წესით ივლისის ბოლოდან და შემდგომ უკვე აგვისტოდან მეტი ტურისტი უნდა შემოვიდეს საქართველოში, ვიდრე აქამდე და ეს პროცესი კურსზე დადებითად უნდა აისახოს. დღევანდელი ლარის კურსი წონასწორული მაჩვენებელია. ჩვენ ვხედავდით ეროვნული ბანკის ხშირ ჩარევას, ყიდულობდა დოლარს და დიდი ხანია ეს აღარ განუხორციელებია, ახლა თვითონ ბაზარი აყალიბებს ამ კურსს, რაც დღეს არის", - აცხადებს ნამჩავაძე.

"ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ვალუტის კურსზე ექსპორტის გავლენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, რამდენიმეკვირიან ზრდის ტენდენციას მაკროეკონომიკური საფუძველი არ ჰქონია. შემცირებულ ექსპორტზე საუბრისას კი ეკონომიკური ანალიტიკოსი საქართველოს ძირითად სავარჭრო პარტნიორებზე საუბრობს და თურქეთში არსებული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში ექსპორტის კიდევ უფრო შემცირებასაც არ გამორიცხავს. "ლარის კური ექსპორტთან დიდ კავშირშია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ექსპორტი ადრეც მცირდებოდა, ანუ ექსპორტი მეორე წელია რაც მცირდება შესაბამისად, რა თქმა უნდა, ექსპორტის შემცირება უარყოფითად აისახება ლარის კურსზე დოლართან ან სხვა ვალუტასთან მიმართებაში. ისიც უნდა ითქვას, რომ ექსპორტის შემცირების დროს, ლარის გამყარება მაინც ხდებოდა. ექსპორტის გამო ლარის კურსის შესაძლო გაუფასურებაზე მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა, რატომ მოხდა ეროვნული ვალუტის უეცარი გამყარება?! ლარის კურსის გამყარება გარკვეულმა მოლოდინებმა გამოიწვია. სწორედ ამის გამო იღებდა ევროვნული ბანკი დოლარს ბაზრიდან. რადგან სწრაფ გამყარებას ხშირად სწრაფი გაუფასურება მოჰყვება ხოლმე. ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ დროს ასეა. მთავრობის მხრიდან ბევრი რეფორმა დაანონსდა, მათ შორის იყო მოგების გადასახადის გაუქმებაც, თუმცა შედეგად არაფერი განხორციელებულა. ეს სწრაფი გამყარება მთლიანად მოლოდინებზე იყო დამყარებული. როცა ექსპორტის გავლენაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია გავიგოთ: პირველი, მთლიანად ექსპორტში რა ხდება და მეორე სად იზრდება და სად მცირდება ექსპორტი. მაგალითად საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი ევროკავშირის ქვეყანაში შემცირებულია. თუ თურქეთში პროცესები ასე განვითარდა, დიდი ალბათობით მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდება. რუსეთთან ექსპორტიც გაზრდა შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში იმდენად არასტაბილური ბაზარია, რომ შესაძლოა დაგვაზარალოს. ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი შემცირებულია. შესაძლოა კონკრეტულ პროდუქტებზე მაგალითად თხილზე ექსპორტი გაიზარდოს, თუმცა ეს მთლიან სურათს არ ცვლის", - აღნიშნავს ზვიად ხორგუაშვილი.

მარიამ ვარადაშვილი