რუსუდან კერვალიშვილი - ”მე მრცხვენია იმის, რომ ამდენი ხანი ვაწუხებთ საზოგადოებას"

მრცხვენია იმ დაზარალებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაციის საშუალება, რათა გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი , - ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ”ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

”მე მრცხვენია იმის, რომ ამდენი ხანი ვაწუხებთ საზოგადოებას, რომ ჩვენს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, დღემდე არ არის გადაწყვეტილი. მე მრცხვენია როგორც ადამიანს, პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს. მრცხვენია იმ ადამიანების, დაზარალებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაცია და არ მქონდა საშუალება გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი”, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

მისივე თქმით, სამი წელია ყოველკვირეული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და ოჯახი სასამართლოსთან მუდმივი თანამშრომლობის პირობებში იყო. კერვალიშვილის თქმით, მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის ოპერაცია, რომელიც აღნიშნულ საქმეზე განხორციელდა. იგი მიიჩნევს, რომ ამის საჭიროება არ იყო.

რუსუდან კერვალიშვილის თქმით, ყველაფერი მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში ცდილობდა მოეძიებინა ქალბატონები, რომლებიც მზად იქნებოდნენ დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად ეყარათ კენჭი და სწორედ ამას უკავშირდება ის ოპერაცია, რაც ჩატარდა.

კერვალიშვილის თქმით, ის ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს პირადად იმყოფებოდა მასთან და ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, სრულად გადასცა.

”მე არ ვითხოვ ჩემი დის ციხიდან გათავისუფლებას. მაია ტყვეობაშია, პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოთხოვნას, მე ვიქნები იმ სახელმწიფოს მომხრე, რომელიც სამართლიანად განსჯის, მე ერთი ადამიანი დღეს ისეთივე დაზარალებული ვარ რაც შეეხო ზოგადად, ომის შედეგად ადამიანს”, - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა და დასძინა, რომ 89 სასამართლო პროცესის მიუხედავად, რომელიც ”ცენტრ პოინტის საქმეზე ჩატარდა, არც ერთი მოწმე დამფუძნებლების დაკავებას არ ითხოვდა.

რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოსგან სამართლიანობას ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია და არც გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ინსტიტუციები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

”უცებ მაისის ბოლოს შეიქმნა ჯგუფი, დაიწყო აქციების მოწყობა. ამ 24 ადამიანისგან შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდა თემურ ფიფია. ისინი მართალი არიან ჩვენთან, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა ეს გააქტიურება ჩემს აქტიურობას”, - განაცხადა კერვალიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი აქამდე პოლიტიკაში მოსვლა არ უფიქრია, ამაზე დაიწყებს ფიქრს, თუმცა ”ნაციონალურ მოძრაობაში” შესვლას არ აპირებს, რადგან არ სურს, ეს პარტია ”გასვაროს თავისი რეპუტაციით”.

”ყველა ზომა მიიღეთ რაც კი შეიძლება, რომ თქვენთვის უკეთესი იყოს. თუ თქვენთვის უკეთესი იქნება პატიმრობა? კი ბატონო, ოღონდაც მოსთხოვეთ სახელმწიფოს რელური გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა”, - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.