„ტესლა“ უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

Tesla Motors-ის დამფუძნებლის, ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის განცხადებით, კომპანია ელექტრომობილების ახალი თაობების გამოშვებაზე მუშაობს.

მისი თქმით, კომპანიის უპირველეს გეგმებში უპილოტო სამგზავრო ავტობუსებისა და სატვირთოების წარმოებაა.

„ავტობუსში მძღოლის კაბინის არარსებობა, ავტობუსის ზომის შემცირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საცობებთან გამკლავებას“, - აღნიშნავს ილონ მასკი.

პირველი უპილოტო ავტობუსების წარდგენას „ტესლა“ უკვე მომავალი წლიდან გეგმავს. გარდა ამისა, ილონ მასკის თქმით, კომპანია ასევე მუშაობს ავტომობილების სახურავის მზის ბატარეებით აღჭურვაზე.

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელზეც „ტესლა“ მუშაობს, ავტომობილების გაქირავებას ეხება.

„გვინდა შევქმნათ სპეციალური აპლიკაცია, რომელზე ერთი თითის დაჭერითაც მფლობელი ავტომობილის გაქირავებას შეძლებს“, - აღნიშნა ილონ მასკმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე