"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიკროავტობუსებში მგზავრების გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული იყოს"

ჩვენ და კომპანია ყველაფერს გავაკეთებთ ერთობლივად, რომ ზაფხულის განმავლობაში მგზავრების გადაადგილება იყოს მაქსიმალურად კომფორტული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მერის თქმით, უშუალოდ მისი მითითებით, მთელი ქალაქის მასშტაბით მიკროავტობუსების მონიტორინგი ხორციელდება და იმ მძღოლებს, რომელთაც კონდიციონერები ჩართული არ ჰქონდათ, 10 დღით მუშაობა აეკრძალათ, რაც მათთვის შემოსავლის დაკარგავს ნიშნავს.

”თბილისის მერიის მითითების შესაბამისად და ჩემი უშუალო დავალებით, სატრანსპორტო კომპანია ისევე როგორც კერძო მიკროავტობუსების კომპანია, ახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს მთელი ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მიკროავტობუსები, რომელთაც არ ჰქონდათ კონდიციონერები ჩართული და შესაბამისად, მძღოლების მიმართ კომპანიამ გაატარა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა - მათ 10 დღის განმავლობაში შეეზღუდათ მანქანის ტარების უფლება, რაც მძღოლებისთვის შემოსავლის დანაკარგს ნიშნავს. მცირე რაოდენობა აღმოჩნდა მიკროავტობუსებისა, სადაც გასამართია კონდიცირების სისტემა, რაც რასაკვირველია, კერძო კომპანიის ვალდებულებაა და ის გამართავს ამ ყველაფერს. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ და კომპანია ერთობლივად, რომ მგზავრების გადაადგილება ზაფხულის განმავლობაში იყოს მაქსიმალურად კომფორტული”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, დღის პირველ ნახევარში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული მხოლოდ 189 მიკროავტობუსს ჰქონდა.