"ინტერნეტიზაციის პროექტისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება"

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ დღეს „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა” დაამტკიცა.

ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამაზე მუშაობა კარგა ხანია დაწყებულია და მთელი ამ პერიოდის მანძილზე კერძო სექტორთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„მოხდება ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ინტერესთა გამოხატვაში ჩვენ გვექნება სამ ძირითად გეოგრაფიულ არეალად დაყოფილი საქართველო. პირველი - ეს იქნება გეოგრაფიული არეალები, სადაც დღეს არსებული ოპერატორები გვეტყვიან, რომ ისინი ან არიან, ან აპირებენ შემდეგი 3 წლის განმავლობაში აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში შესვლას, ამაზე ისინი აიღებენ სახელმწიფოსთან გარკვეულ ვალდებულებებს, რომ ეს ნამდვილად განხორციელდება და ამ მიმართულებით ჩვენ და დონორი ორგანიზაცია არანაირ ძალისხმევას არ დავხარჯავთ, ეს იქნება კომერციული ოპერატორების პირდაპირი ვალდებულება. მე-2 ბლოკი გეოგრაფიული არეალის ის სოფლები და დასახლებული პუნქტები იქნება, სადაც კომერციული ოპერატორები იმ პირობით შევლენ, რომ დონორი ორგანიზაცია უკვე მათ დაუფინანსებს კომერციული ბანკიდან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 120 თვის განმავლობაში და შესაბამიასად, აქ დონორი ორგანიზაციის ხარჯი იქნება კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტის პროცენტის სუბსიდირება, ანუ კომერციულ ოპერატორებს პრაქტიკულად უფასო ფულს მივცემთ იმისთვის, რომ მათ ააშენონ იქ თავიანთი ინფრასტრუქტურა და მიმზიდველი გახდეს მათთვის აღნიშნული ინფრასტრუქტურა. მე-3 ბლოკი ეს არის ის, სადაც კომერციული ოპერატორები იტყვიან, რომ ჩვენ არ ვაპირებთ საერთოდ აქ შესვლას, ამ ნაწილში უკვე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან შექმნილი ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ იღებს გრანტებს ფონდი „ქართუდან“, რისთვისაც ჩვენ ამ ფონდის მადლიერები ვართ. აღნიშნული ა(ა)იპ გამოაცხადებს პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების ინტერესთა გამოხატვას და თავიდანვე ჩვენ გვეყოლება განსაზღვრული კომპანიები, რომლებიც ააშენებენ და შემდგომ ოპერირებაში წაიღებენ უკვე ამ მონაკვეთს, ანუ სახელმწიფო საბოლოო ჯამში, არ დარჩება არც ოპერირებაში, არც მართვაში, არ გასწევს საოპერაციო ხარჯებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს დაფარავს, სადაც 200 მოქალაქეზე მეტია მაცხოვრებელი.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის, როდესაც მოთხოვნები გაიზრდება, რეგიონებში 30 მეგაბიტი/წამის მიწოდების შესაძლებლობა გვქონდეს“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, პროექტისთვის დონორი ორგანიზაციისგან შესაძლებელია გაღებული იყოს 70-დან 100 მილიონ დოლარამდე სახსრები. ”სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ ჩვენ თავიდანვე გრანტს ვიღებთ. ანუ დონორი ორგანიზაცია პირდაპირ გრანტს გამოყოფს და „ოუფენ ნეტს“ ურიცხავს. „ოუფენ ნეტი“ იხდის ამ პროცენტს, პროცენტის სუბსიდირებას აკეთებს, ან იხდის სამშენებლო ღირებულების თანხას, რომელიც საჭიროა. დონორი ორგანზიაცია იძლევა გრანტს და ის არ რჩება არც ოპერირებაში, არც მართვაში და არც არაფერში. თავის მხრივ, არც სახელმწიფო რჩება ამაში და მთლიანად კერძო სექტორი აკეთებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკისგან საქართველომ შარშან გააფორმა 40 მილიონი დოლარის კრედიტი, რაც ემსახურება საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას. ქუმსიშვილის განმარტებით, 40 მილიონი დოლარი წლების განმავლობაში უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ რეგიონებში შეიქმნას ინტერნეტის მოთხოვნა და ამასთან ერთად განვითარდეს ინოვაციური ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ეს არის ინოვაციის ცენტრები, სადაც მოსახლეობა ინტერნეტით საგრებლობას შეისწავლის.

„თუ ჩვენ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობით ვქმნით მიწოდების შესაძლებლობას, მეორე მხრივ, ჩვენ აუცილებლად მოთხოვნა უნდა დავახვედროთ, რადგან შეიძლება ააშენო არხი და არავინ ისარგებლოს. ამიტომ საგრებლობის ნაწილში ჩვენ ასეთი პროგრამა გვაქვს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.