სერგი კაპანაძე - რუსეთის ბაზრის გახსნა ცრუ ილუზია იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ისევ ემბარგოზე საუბარი, იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს და მისი ეკონომიკური ბაზარი სტაბილური არ არის.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა ცრუ ილუზია იყო.

„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთი ეკონომიკაზე პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს და მის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ არაფერი შეცვლილა. ამიტომ, ეს იყო ცრუ ილუზია, რომელიც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ მოსახლეობას შეგვიქმნა. გვეუბნებოდნენ თითქოს რუსეთის ბაზრის გახსნით რაღაც სიკეთეს მიიღებდა ქვეყანა, სინამდვილეში კი არაფერი შეცვლილა. რუსეთი არის არასანდო და ამ განცხადებებით ეს დასტურდება კიდევ ერთხელ“ - განაცხადა კაპანაძემ.

რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი. როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე. საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა. სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.