რა ღირს საცურაო აუზზე ვიზიტი თბილისში

ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს დედაქალაქში არსებულ ღია თუ დახურულ საცურაო აუზებს.

Allnews.ge დაინტერესდა, ვინ ამოწმებს აუზების სანიტარულ ნორმებს, ჰიგიენასა და წყლის ხარისხს. ჩვენ რამდენიმე უწყებას დავუკავშირდით, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს, თუმცა, როგორც ირკვევა ამ ეტაპზე სანიტარული ნორმების შემმოწმებელი სახელმწიფო ორგანო არ არსებობს. ქვეყანაში კი სანიტარული კოდექსი 2005 წლიდან აღარ მოქმედებს.

მართალია, აუზების მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს კონპეტენციაში ამჟამად არ შედის, მაგრამ საცურაო აუზის ექსპლუატაციისთვის გაწერილი მთელი რიგი ნორმები, სწორედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა დადგენილი.

"მასში გაწერილია თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და რა ნორმები უნდა იყოს დაცული ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საცურაო აუზებში. თუმცა ექსპლუატაციის შემდგომ, ნორმების კონტროლს ჩვენ არ ვახორციელებთ,"-აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციის და წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, 2001 წელს გაცემულ ბრძანებაში წერია:

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, წყლით გადამდები სოკოვანი, ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებების ეპიდემიური უსაფრთხოების და მავნე ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული ინტოქსიკაციების თავიდან აცილების მიზნით, დამტკიცდეს სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტი, სანიტარული წესები და ნორმები – "ჰიგიენური მოთხოვნები საცრაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციისა და წყლის ხარისხისადმი".

ბრძანებაში გაწერილია სტანდარტები და განხილულია ყველა დეტალი, რომელიც საცურაო აუზის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს.

ამ ნორმების შესრულება და მისი კონტროლიც სწორედ მფლობელის უფლება-მოსილებაა და მის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რისკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეცნიერ-თანამშრომელი მანანა გრძელიშვილი აღნიშნავს, რომ მათ ლაბორატორიაში წყლის ხარისხის შესამოწმებლად კერძო აუზებიდან მიდიან ხოლმე.

"ვაფასებთ წყლის შემადგენლობას, მის ხარისხს. ჩვენი ლაბორატორია ამით შემოიფარგლება, რეკომენდაციების გაცემა და ადგილზე კონტროლი ჩვენი კომპენტენცია არ არის. როგორც ვიცი, საცურაო აუზების ხარისხი სახელმწიფოს კონტროლს მიღმაა დარჩენილი.

რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, თვითონ მფლობელია ვალდებული, რომ დაიქირაოს ლაბორატორია ან აწარმოოს შიდა კონტროლი,"-აღნიშნავს მანანა გრძელიშვილი.

საცურაო აუზებზე მომხმარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით ივლისის თვეში იზრდება.

როგორც აუზის მენეჯერები აღნიშნავენ, ფასები შარშანდელთან შედარებით ძირითად შემთხვევაში, არ შეცვლილა. რამდენიმე მათგანმა ფასდაკლების ვაუჩერები უკვე განათავსა შესაბამის ონლაინ საიტებზეც.

"ევროპარკში" ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ერთჯერადი ვიზიტის ფასი სამუშაო დღეებში 30 ლარი, შაბათ-კვირას კი 40 ლარია. უფასოდ დაიშვება 7 წლამდე ასაკის ბავშვი.

საცურაო აუზის მენეჯერი აღნიშნავს, რომ წყლის ხარისხს და სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

"ჩვენთან მომხმარებლის წინასწარი დათვალიერება არ ხდება.

წყლის დაცვა იმდენად მაღალ დონეზე გვაქვს, რომ ინფექციის გადატანის ალბათობა თითქმის განულებულია. ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებთ წყლის ხარისხს,"-აღნიშნავს "ევროპარკის" მენეჯერი.

მისი თქმით, წყალი ყოველდღიურად იწმინდება და ადგილზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.

"ოლიმპიური აუზის" მენეჯერი კი აღნიშნავს, რომ აუზზე ფასები მიმდინარე წელს არ შეცვლილა და მომხმარებელს ერთჯერად ვიზიტში, კვირის ნებისმიერ დღეს 20 ლარის გადახდა მოუწევს.

"რაც შეეხება სანიტარულ ნორმებს, ჩვენთან ყველა სტანდარტი დაცულია. თანამედროვე ტექნოლოგიის ფილტრების მეშვეობით, წყალი გადის ულტრაიისფერ დასხივებას და მინიმუმადე დადის ბაქტერიების არსებობის ალბათობა. შესაბამისი ტესტერები კი ზომავს, რა სახის ქიმიკატები უნდა გამოვიყენოთ, რომ წყალი იყოს იდეალურ დონეზე.

ჩვენ გვყავს სპეციალურად გადამზადებული კადრები, რომლებიც ამ ყველაფერს აკონტროლებენ,"-აღნიშნავენ "ოლიმპიურ აუზზე".

ქრისტინე გამთენაძე

წყარო ALLNEWS