ქართული დაფნა ექსპორტზე გადის

ქართული დაფნა ექსპორტზე გერმანიაში მიმდინარე წლის ნოემბერში გავა.

სენაკში მდებარე დაფნის გადამამუშავებელ საწარმო შპს ,,ლაურუსთან” ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ივანე ჯალაღონია ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, პირველ ეტაპზე შპს "ლაურუსმა" 12 ტონა ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

კომპანია ამ ეტაპზე მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. წელიწადში 200 ტონა დაფნა ეტაპობრივად რუსეთში, კერძოდ ნოვოსიბირსკის ოლქში იგზავნება. საექსპორტო ფასი კი 2,5 დოლარია.

როგორც ივანე ჯალაღონია აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარზე დაფნის რეალიზაცია ძალიან ჭირს. მოთხოვნა ფაქტობრივად, არ არსებობს. მისივე თქმით, აქამდე კომპანიამ შეკვეთები პოლონეთიდან და ჰოლანდიიდანაც მიიღო, თუმცა როგორც ჯალაღონია განმარტავს, მცირე რაოდენობის გაგზავნა კომპანიისთვის მომგებიანი არ იყო. რის გამოც, ექსპორტი ევროპის ქვეყანაში ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ივანე ჯალაღონიას თქმით, ევროპაში 1 კგ დაფნის საშუალო ღირებულება 5-10 ევროა. თუმცა, ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია და კომპანია ამჟამად ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე მუშაობს.

,,პროდუქცია უნდა იყოს დაკალიბრებული, ჰქონდეს ბუნებრივი ფერი და სურნელი, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანებები. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დეტალი უნდა გავითვალისწინოთ”, - აღნიშნავს ივანე ჯალაღონია.

შპს ,,ლაურუსის” ხელმძღვანელი წარმადობის გაორმაგებასაც გეგმავს. ამ ეტაპზე კი საწარმოში 1000 ტონა ნედლი დაფნის გადამუშავება ხდება, აქედან 200 ტონა საბოლოო პროდუქციის მიღებაა შესაძლებელი, რადგან გამოსავლიანობა მხოლოდ 20%-ს უდრის.

ივანე ჯალაღონიას საკუთრებაში ამჟამად სენაკში მდებარე 50 ჰექტარი დაფნის პლანტაციები და 2 გადამამუშავებელი საწარმოა, რომელშიც 130 ადგილობრივია დასაქმებული.

შპს ,,ლაურუსმა” 150 ათასი დოლარის ოდენობის შეღავათიანი კრედიტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წელს მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე