2015 წელს საქართველოში გზებზე სიკვდილიანობამ 100 000 მოსახლეზე 1,8% შეადგინა

მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველწლიურად 1.25 მილიონი ადამიანი იღუპება.

"გზებზე სიკვდილიანობის უმრავლესობა ძირითადად ღარიბ ქვეყნებში გაჭირვებულ ხალხზე მოდის”,  - აცხადებს მარგარეტ ჩენი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში 79 ქვეყანაში ფატალური შედეგები შემცირდა, 68 ქვეყანაში კი გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით გზები თანაბრად არ არის დაცული და დიდწილად ავტოავარიის სიკვდილიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობს ადამიანი.

"დიდი გამყოფია მაღალშემოსავლიან და დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის. მაგალითად ევროპაში, მდიდარი ქვეყნების რეგიონში გაცილებით დაბალი საგზაო სიკვდილიანობაა, ვიდრე აფრიკაში", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

კვლევის თანახმად, 2015 წელს საქართველოში 100 000 მოსახლეზე გზებზე სიკვდილიანობამ 11,8% შეადგინა. ამ მაჩვენებლით საქართველო 39-ე ადგილს იკავებს ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 50 ქვეყანას შორის.

შსს-ის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 434 შეადგინა, 2013 წელს კი ეს ციფრი 394 იყო.  ავტოავარიების 31% მანევრირების წესების დარღვევას მოჰყვა, 24% - სიჩქარის გადაჭარბებას, 17% - კი დაუდგენელ მიზეზს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 105 ქვეყანაში მოქმედებს ღვედის შეკვრის სრულყოფილი კანონი;

47 ქვეყანას კარგი საგზაო წესები აქვს, რითიც არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს;

24 ქვეყანას კარგი კანონები აქვს ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომაზე;

44 ქვეყანა მძღოლებს ჩაფხუტის ტარებას ავალდებულებს;

52 ქვეყანაში მკაცრ კანონები მოქმედებს ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;

საგზაო სიკვდილიანობის 23 პროცენტი მოტოციკლებზე მოდის.

"მრავალ რეგიონში ეს პრობლემა იზრდება. მაგალითად ამერიკაში 2013 წელთან შედარებით მოტოციკლებით სიკვდილიანობის შედეგი 5 პროენტით გაიზარდა. ფეხით მოსიარულეები და ველოსიპედის მძღოლები ყველაზე ნაკლებ დაცული არიან და სიკვდილიანობის 22% სწორედ მათზე მოდის", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების 80%-ში, განსაკუთრებით, საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში რეალიზებული ავტომობილების ნაწილი უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.