კონფერენცია - „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“ გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)“ ფარგლებში”, სასტუმრო ,,რედისონში", არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას თემაზე - „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“, ესწრებოდნენ საქართველო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტები, კერძო მეწარმეები, ადგილობრივი თვითმმართველობების და ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები.

როგორც  სამინისტროში განაცხადეს, კონფერენცია საქართველო-სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ემსახურება.

”კამპანიის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც ურთიერთმოსაზღვრე რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა იყო. კვლევის შედეგად გამოვლინდა ის კონკრეტული სექტორები, რომლებსაც განვითარების, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია”, - განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთში ბიზნესის კეთების თაობაზე შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და ბიზნეს-კატალოგის პრეზენტაცია, რომელთა გამოცემაც სწორედ საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა.