მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები განხორციელდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები განხორციელდება , - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში განუცხადა, სადაც სხდომაზე თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშნვა მოხდა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, თბილისში ტაქსების რეგულაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ამ თემაზე მერიას კონსულტაციები ქონდა სპეციალისტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„მიმდინარეობს დოკუმენტაციის დამუშავება და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში შესაძლებელი იქნება ტაქსების მიმართულებით ახალი რეგულაციების განხორციელება. რეგულაციები არის მინიმალური, უმტკივნეულო, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე შეეძლებათ ამ სფეროში თვითდასაქმებულ ადამიანებს ამ პროცედურების გავლა. მისი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ორი მიზანი, ეს არის ავტომობილის უსაფრთხოება და მძღოლის უსაფრთხოება, რაც ძალიან აქტუალურია დღეს და აწუხებს ტაქსით გადაადგილებულ თბილისელებს და თბილისის სტუმრების უმრავლესობას“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მინიმალური სახის რეგულაციები დაწესდება როგორც ავტომობილის, ასევე მძღოლისათვის, რომლის გავლის შემთხვევაში, პირებს საშუალება ექნებათ განახორციელონ ტაქსით მომსახურება.