უორენ ბაფეტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულიდან დაქვეითდა

ამერიკელმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში პოზიცია დაკარგა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მესამე ადგილი „ამაზონის“ დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა დაიკავა.

„ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ჯეფ ბეზოზის ქონება დღევანდელი დღისთვის 65,1 მილიარდი დოლარია, უორენ ბაფეტის კი - 65 მილიარდი დოლარი. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან მოყოლებული ჯეფ ბეზოსი 5,4 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.

ბაფეტის მიერ სამეულის დატოვების მთავარ მიზეზად ამერიკული გამოცემა მილიარდერი ინვესტორის საქველმოქმედო საქმიანობას ასახელებს . რამდენიმე დღის წინ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის 2,2 მილიარდი დოლარი გაიღო.

„ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი კვლავ „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსია - 89 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზე კი „ინდიტექსის“ დამაარსებელი ამანსიო ორგეტა - 73 მილიარდი დოლარით.