ვასო ურუშაძე- სტამბოლის სატრანსპორტო ჰაბს ჩაანაცვლებს მოსკოვი

ბოლო პერიოდში თურქეთში მიმდინარე პროცესებმა თვალსაჩინო გახადა, თუ რა სახელმწიფოებრივ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის, ის ფაქტი, რომ საქართველოდან საერთაშორისო ფრენები სტამბოლის აეროპორტების ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.

სტამბოლი არის რეგიონში ყველაზე დიდი სატრანსპორტო ჰაბი, საიდანაც დღე-ღამის განმავლობაში ფრენები მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში ხორციელდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი პირდაპირ მიბმულია სტამბულის სატრანსპორტო ჰაბს. სტამბოლიდან თბლისის მიმართულებით და პირიქით, თურქული ავიახაზები დღე-ღამის განმავლობაში ასრულებენ 4-6 რეგულარულ ფრენას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საერთაშორისო მგზავრთა უმრავლესობა ათვისებული აქვს თურქეთის ავიახაზებს და ფრენები ხორციელდება სტამბოლის აეროპორტების გავლით.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების სტამბულის ჰაბზე მიბმა განაპირობა საქართველოს მთავრობების არასწორმა პოლიტიკამ და სატრანსპორტო სექტორის სახელმწიფოებრივად განვითარების სტრატეგიის არქონამ.

ასევე, სტამბოლის საჰაერო სატრანსპორტო ჰაბზე დამოკიდებულება არ გვაძლევს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას, რაც თურქეთში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე წარმოადგენს საფრთხეს.

აშშ-ის საავიაციო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად, აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი გაურკვეველი ვადით აიკრძალა. აკრძალვა მოიცავს თურქეთიდან და მისი მიმართულებით მფრენ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტულ ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სატამბული კარგავს სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ასევე თურქეთში ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სტამბულის „ათათურქის“ აეროპორტმა დაკარგა რეგიონში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტის სტატუსი.

ასევე თურქეთის რესპუბლიკაში 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას უფლება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც დროის კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თურქეთი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას კარგავს.

თუ დღემდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანზიტული მგზავრთნაკადის უმრავლესობა იყო მიბმული სტამბულის სატრანსპორტო ჰაბს, საქართველოს შემთხვევაში არსებობს საშიშროება იმისა, რომ სტამბული ჩაანაცვლოს მოსკოვმა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს საფრთხეს. რუსეთს შეეძლება ნებისმიერ დროს ეს ბერკეტი გამოიყენოს პოლიტიკურად, ჩაგვიკეტოს საჰაერო სივრცე, რის შედეგადაც საქართველოს მოწყდება ცივილიზებულ სამყაროს და ცივილიზებული სამყარო საქართველოს.

გამოსავალი ამ შემთხვევაში ერთია, საქართველოს სატრანსპორტო სისტემა უნდა განვითარდეს დამოუკიდებლად. საქართველოს დღეს ეძლევა სწრაფი განვითარების შანსი. არსებობს ყველა პირობა საქართველო ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად რეგიონში, რაც არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ამისთვის საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის და განვითარების სტრატეგიის არსებობა, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია.

ჩვენ მივმართავთ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვითხოვთ მათთან შეხვედრას და მოვითხოვთ სასწრაფოდ შეიქმნას სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი  სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგიას.

ვასო ურუშაძე

„HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი