საქართველოს პორტები მე-19 საუკუნეში

საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება ჭიათურის მარგანეცის წარმოება, რამაც დააჩქარა დასავლეთ ევროპის კაპიტალისტური ქვეყნების მრეწველობისათვის უცხოეთის ბაზარზე ამ ნედლეულის მოთხოვნილების ზრდა.

1879-დან 1900 წლამდე მარგანეცის მოპოვება გაიზარდა 747-ჯერ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მარგანეტის მოპოვების პარალელურად იზრდებოდა მისი ექსპორტი. ამ პერიოდში საზღვარგარეთ გაიგზავნა 700 ათასი ფუთი მარგანეცი. შესაბამისად, გაიზარდა მარგანეცის მრეწველობაში დასაქმებულ მუშათა რიცხვიც და სულ დასაქმებული იყო 25 000 კაცი.

მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან საქართველოში იწყება ნავთობის წარმოება, რომელიც ძირითადად არსებობდა თბილისის გუბერნიაში, შირაქის, მირზაანის და ელდარის ველებზე. ეს საბადოები 1866 წლიდან იჯარით ჰქონდათ აღებული ძმებ სიმენსებს, რომლებმაც შირაქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოაწყვეს.

1890-იანი წლებიდან კი საქართველოში ახლად გახსნილი ფაბრიკა-ქარხნების ბუმია. მარტო თბილისის გუბერნიაში იმ პერიოდში მოქმედებდა 930 ფაბრიკა-ქარხანა. გარდა ამისა, 16 სამთო საწარმო, ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოები და დეპო, სულ 940 საწარმო, სადაც 120 ათასზე მეტი მუშა იყო დასაქმებული.

მე-19 საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მომხდარ ძვრებს თან სდევდა საქართველოს ქალაქების მოსახლეობის ზრდა. განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა თბილისის, ბათუმის, ფოთის მცხოვრებთა რაოდენობა. 1897 წლის აღწერით, თბილისის გუბერნიის ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა 66%-ით გაიზარდა.

მე-19 საუკუნის ბათუმის სამრეწველო პოტენციალი

1883 წლიდან ბაქო-ბათუმის რკინიგზის ხაზის გაყვანის შემდეგ ამიერკავკასიის ნავთობის პროდუქტების ექსპორტი საზღვარგარეთ დიდი ოდენობით გაიზარდა. შავიდა კასპიის ზღვების რკინიგზით შეერთებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაცხოველებული საგარეო ვაჭრობა მოჰყვა და ბათუმი ამ ურთიერთობის შუაგულში მოექცა, რადგან ამიერკავკასიის ძირითადი ნედლეული - ნავთობი და მისი პროდუქტები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და რუსეთში აქედან იგზავნებოდა.

1891 წელს გაზეთი "ივერია" წერდა:

"ბათუმი ერთი საუკეთესო ბუნებრივი ნავსადგურია კავკასიაში, მისი უმთავრესი საქონლის გასაგზავნი ადგილია. გარდა ამისა, აქ ბოლოვდება ამიერკავკასიის რკინიგზის ლიანდაგი და ვინ იცის რა დიდი მნიშვნელობა აქვს უკანასკნელ სადგურს რკინიგზისა, თუ ამასთანავე იგივე სადგური კარგი ნავსადგურია ღია ზღვისა.

"ამნაირი მდებარეობა ძალიან უნებურად მოიზიდავს ყოველნაირ საქონელს და მუშა ხალხს. ამიტომ არის, რომ თითქმის მთლიანად, რაც ქალაქ თბილისზე ნავთი და სხვა საქონელი მოდის ბაქოდან, კავკასიის, ან სხვა რომელიმე კუთხიდან სულ ბათუმში მოდის და იქიდან ან რუსეთში, ან საზღვარგარეთ იგზავნება... ამიერკავკასიის დიდმა ბუნებრივმა სიმდიდრემ, განსაკუთრებით ნავთმა და შავმა ქვამ ერთბაშად თავი ამოაყოფინა ჩვენში უპირველეს კაპიტალისტებს ევროპისას, როტშილდს, ნობელს და სხვებს".

1883 წელს გაიხსნა კავკასიის რკინიგზის მშენებლობის კონტრაგენტის ინჟინერ პალაშკოვსკის ქარხანა, რომელიც ნავთობის პროდუქტების ექსპორტისათვის გადასაზიდ ტარას ამზადებდა - დღეში 3000 ხის ყუთს და 6000 თუნუქის ბიდონს. ბაზრის გაფართოებასთან ერთად ქარხანა გაიზარდა და დღეში უკვე 25 ათას ხის ყუთს და 50 ათას ბიდონს ამზადებდნენ.

1886 წლიდან ამ საქმიანობას სათავეში ჩაუდგა კასპიისა და შავიზღვების ნავთობის მრეწველობისა და ვაჭრობის ამხანაგობა (როტშილდის ქარხანა), რომელიც ამზადებდა ხის ყუთებს და თუნუქის ბიდონებს მექანიკური წესით. ამ ორივე ქარხნის პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 4 მილიონ მანეთს წელიწადში.

1889 წლიდან კი როტშილდის ქარხანაში ტექნიკური ცვლილებები დაიწყო. გაჩნდა ორთქლის ქვაბები და ამერიკული სისტემის ყუთებისა და ბიდონების მექანიკური დაზგები.

ნავთობის ექსპორტის გაძლიერებამ საკრედიტო დაწესებულებების შექმნის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. ნავთობმრეწველებმა ისარგებლეს მომენტით, როცა 1885 წელს ბათუმში ჩამოვიდა ბაქოს ნავთობის საზოგადოების მმართველი და თხოვნით მიმართეს მას ბათუმში სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ. ბაშკიროვმა დააკმაყოფილა მათი თხოვნა და 1886 წელს სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება გაიხსნა, რომელსაც ქალაქის ეკონომიკური ცხოვრებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო საქართველოში მეორე სახელმწიფო ბანკი, თბილისის შემდეგ.

ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანიდან ორი წლის შემდეგ კი ბათუმი ხდება მოხერხებული საბოლოო სასაწყობო პუნქტი იმ ნედლეულისა და პროდუქტებისათვის, რომლებიც ცენტრალური აზიიდან მიემართებოდა რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში, თავის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ბათუმის გზით შეიძლებოდა საქონლის გაგზავნა შეუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში.

ფოთი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში კავკასიის ზღვის სანაპიროზე ფოთი მთავარ ნავსადგურს წარმოადგენდა. იზრდებოდა ტვირთბრუნვა, რაც ხელს უწყობდა სატრანზიტო ვაჭრობის განვითარებას.

1861 წლიდან ფოთში სატრანზიტო ვაჭრობა 9-ჯერ გაიზარდა. ამ პერიოდში ფოთის ნავსადგურში დიდი რაოდენობით შემოდიოდა პური, ყირიმის მარილი, შაქარი, ლითონის ნაწარმი, საპონი, სპირტი და სხვა. ფოთის საშუალებით გაჰქონდათ თამბაქო, ღვინო, აბრეშუმი, სიმინდი, და ა. შ. ამ ვაჭრობის საშუალებით 1864 წელს ფოთში სულ შემოსულა ორ მილიონამდე მანეთის საქონელი.

70-იანი წლებიდან კი ფოთის ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ფოთი ხდება მთელი მხარის საგარეო ვაჭრობის ძირითადი პუნქტი.

1874 წლიდან ფოთიდან საზღვარგარეთ გაიგზავნა 6 მილიონამდე მანეთის საქონელი, ხოლო საზღვარგარეთიდან შემოვიდა 8 მილიონამდე მანეთის საქონელი. ამ პერიოდში გაიზარდა ასევე მოთხოვნილება სამშენებლო მასალებზე.

ვითარდება ხე-ტყის წარმოება. 1866 წლიდან ფოთში მოქმედებდა ორთქლის ძრავით მომუშავე სახერხი ქარხანა, რომლებიც ნავსადგურის მშენებლობას ხის მასალით ამარაგებდა. ერთი მათგანი გრაფ როზმორდუკს ეკუთვნოდა, რომელიც ყოველწლიურად 6 ათასი მანეთის ღირებულების მასალას ამზადებდა. ასევე პორტთან ახლად აგებული შავროვის ქარხანა, რომლის წლიური პროდუქცია 8 ათას მანეთს შეადგენდა. ასევე, გაიზარდა ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ტარის დასამზადებელი ქარხნების რაოდენობაც.

ფოთი იყო ერთადერთი საპორტო ქალაქი შავ ზღვაზე, რომლითაც ხორციელდებოდა ამიერკავკასიის ეკონომიკური კავშირები დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ამიტომ მიიპყრო მან უცხოელ კომერსანტთა ყურადღება. ეს იყო ერთადერთი პუნქტი, სადაც შეიძლებდა კავკასიური პროდუქტის შეძენა იაფ ფასებში და იქედან გატანა უცხო ქვეყნებში. მარტო 1883-1887 წლის მონაცემებით, ქალაქის სარგებლობაში შემოვიდა 300 ათასი მანეთი. ქალაქის კეთილდღეობაზე დაიხარჯა 52 ათასი მანეთი, აშენდა ხიდები, საქალაქო სასწავლებლები, საქალაქო ბეღელი, რომელსაც წელიწადში შემოჰქონდა 21 ათასი მანეთის შემოსავალი და სხვა.

ია აგულაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"