ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე სანქციის გამკაცრებას მოითხოვს

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე რეფორმის გატარებას მოითხოვს.

რეფორმების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები და დაშავებულთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა.

„32%-ით გაიზარდა ქვეითად მოსიარულეთა დაშავების რაოდენობაც. რაც შეეხება ბავშვთა ტრავმატიზმსა და სიკვდილიანობას, ის 28%-ით არის გაზრდილი. 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაიცვალა 600-ზე მეტი და დასახიჩრდა 10 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველო გარდაცვლილთა და დაშავებულთა ამ უმძიმესი მაჩვენებლით ევროპაში იკავებს პირველ ადგილს. აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას“, - განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ასოციაცია მიიჩნევს, რომ რეფორმები უნდა გატარდეს შვიდი მიმართულებით.

„კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შესრულდეს შემდეგი პუნქტები:

1. გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უუნარო და უმოქმედო ხელმძღვანელი პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკაზე და რომელთაც ევალებათ მგზავრთა მძღოლთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ეს სისტემა არის კომუნისტური კორუფციული ნარჩენი და არ არის ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე. სისტემაში უნდა გატარდეს ძირეული თანამედროვე რეფორმები.

2. ამ ბაზაზე უნდა შეიქმნას მოდერნიზებული სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში ევროდირექტივების დანერგვაზე. ასევე პრიორიტეტად დაისახავს ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული პუნქტების იმპლემენტაციას.

3. გადამზადნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტების მიერ საგზაო მოძრაობის დარეგულირების სფეროში და უსაფრთხოების საკითხებში. საპატრულო პოლიციამ აღასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და დაიწყოს დარღვევებზე მკაცრი რეაგირება.

4. ვინაიდან ყოველი მეოთხე ავტომობილი ავტომაგისტრალზე აჭარბებს სიჩქარეს 130 კმ/სთ-ზე და ამავე დროს ვიცით, რომ სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არის სიჩარის გადაჭარბება, უნდა გამკაცრდეს სანქცია სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე, სავალდებულო უნდა გახდეს მიკროავტობუსებისთვის და ავტობუსებისთვის სიჩქარის ჩამწერი ტაქოგრაფების გამოყენება.

5. სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ ტექდათვალიერების ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებენ, ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (ავტობუსები, მიკროავტობუსები) კორფუციულად გადიან ტექდათვალიერებას.

6. ყველა მუნიციპალიტეტისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

7 უნდა დადგინდეს „შავი წერტილები“ ქვეყნის მასშტაბით და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის ძირითადი მიზეზები უნდა შეისწავლონ კომისიური წესით სხავადსხვა დარგის ექსპერტების ჩართულობით და შესწავლა უნდა მოიცავდეს გზის საფარს, საგზაო ნიშანს, მონიშვნას და სხვა გარემო პირობებს“, - განაცხადა მესხიშვილმა.