სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების ცალკეულ შემომწირველებს გამოკითხვაზე იბარებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნებში მონაწილე პარტიების შემოწირულებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის გამო სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეიდან პარტიების ცალკეულ შემომწირველებს გამოკითხვაზე იბარებს.

მისივე განმარტებით, კითხვები არსებობს „ყველა მსხვილი პარტიის“ შემოწირულებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ თანხა გაღებული აქვს ისეთ კერძო პირს, რომელსაც შემოსავალი არ გააჩნია.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების შესწავლა მიმდინარეობს. შემომწირველებს, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებითაც შეკითხვები გაგვაჩნია, გამოკითხვაზე ვიბარებთ. ასეთი ამ დროისთვის 40-მდე შემომწირველია, კითხვები კი ყველა პარტიასთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის მსხვილ პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაშიც. არიან შემომწირველები, რომლებსაც შემოსავლების სამსახურში საერთოდ არ უფიქსირდებათ შემოსავლები, ამ დროს კი პარტიის სასარგებლოდ საკმაოდ მსხვილი თანხები აქვთ გაღებული. შესაბამისად, ვითხოვთ მოსვლას, რომ პირადად წარმოადგინონ საჭირო ინფორმაცია“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

ცნობისთვის, თუკი განხორციელებული შემოწირულობის კანონიერება ვერ დადასტურდა, შემომწირველი ფიზიკური პირი პარტიის სასარგებლოდ გადარიცხული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.