EPRC -  428 ფიზიკური პირიდან და მცირე საწარმოდან საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე სულ 3-ს გააქვს

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგებს დღეს წარმოადგენს.

როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, კვლევაში წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებლების და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოების საჭიროებები.

წარმოდგენილი კვლევის თანახმად, რესპონდენტთა დაახლოებით 80% დასაქმებული ჰყავს 5 ან ნაკლები ადამიანი. გამოკითხული 428 ფიზიკური პირიდან და მცირე საწარმოდან საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე სულ 3-ს გააქვს, ისინი ტრადიციული ქართული პროდუქციის, 2 ღვინის და 1 ჩაის მწარმოებლები არიან, ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურა (მათ შორის მიწა) აგრარული პროდუქციის მწარმოებლებისთვის მთავარ ორ პრობლემად რჩება.

მეცხოველეობით დაკავებულ რესპონდენტთა 1/3 აცხადებს, რომ არ სარგებლობს ვეტერინართა მომსახურებით, მიზეზი როგორც ფინანსური, ისე ხელმისაწვდომობის პრობლემაა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ არც სასაკლაოების გამოყენების ვალდებულებას ასრულებს ყველა რესპონდენტი.

გამოკითხულ რესპონდენტთა თითქმის 50% არ ასრულებს DCFTA -ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შესახებ. ჩანაწერების წარმოების მიმართულებით, გამოკითხულთა უმრავლესობა (53%) არ იყენებს ლაბორატორიულ კვლევებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ლაბორატორიის ტერიტორიული სიშორე და მომსახურების ფასებია.

”HACCP -ის დანერგვა, 2020 წლიდან სავალდებულო ხდება მეცხოველეობის და მეცხოველეობის პროდუქციის მწარმოებელი საშუალო და მცირე ზომის ფერმერებისთვისაც. მიუხედავად ამისა, რესპონდენტთა უმრავლესობა (73%), რომელთაც სისტემის დანერგვა მოუწევთ, არ ფლობს ინფორმაციას მოთხოვნების შესახებ.

რესპონდენტების 72%-ს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმების თაობაზე. ფერმერები, რომლებიც კოოპერატივების წევრები არიან, სხვა, კოოპერატივის არაწევრი ფერმერებისგან განსხვავებით, არ გამოირჩევიან ზოგადი ინფორმირებულობის უფრო მაღალი ხარისხით, რაც ნიშნავს, რომ ტრენინგ და საინფორმაციო პროგრამები ამ მიმართულებითაც არასაკმარისია”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოკითხვა საქართველოს 5 რეგიონში ჩატარდა (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი და გურია) და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებელები, ასევე მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოები გამოიკითხნენ.