გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 15 ივნისს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.0%-მდე შეამცირა.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე. როგორც მაშინ სებ-ში განაცხადეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რაც საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას გულისხმობს.

მათივე განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე და ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის დინამიკაზე.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმ იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე პროცენტის კლებას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, 15 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 16 887 მომხმარებელს შეუმცირდა.