საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, საქართველოში 6 432 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 9000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 602 გარდაიცვალა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს საგანგაშო სტატისტიკაა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარებაა აუცილებელი.

რამდენიმე თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინიტრომ მასშტაბური კამპანია დააანონსა, თუმცა მისი განხორციელება ამ დრომდე არ მომხდარა. პროექტი ქულების სისტემის შემოღებას, რეგულაციების გამკაცრებასა და ურჩი მძღოლების მიმართ სანქციების გამკაცრებას გულისხმობდა. სად გაჩერდა მომზადებული კანონპროექტის აღსრულების გეგმა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ALLNEWS-თან საუბარში ისინი თანხმდებიან, რომ არსებული რეგულაციები არასაკმარისია და კანონმდებლობა დახვეწას მოითხოვს.

"უკვე 8 თვეა პარლამენტში არის შეტანილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისოდ გამოცდილი პრაქტიკის დანერგვას. ქულების სისტემის ამოქმედება და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მძიმე რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება," - აღნიშნავს ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა.

მისი თქმით, არსებული რეგულაციები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. კვაშილავა მიიჩნევს, რომ მოძრაობის უსაფრთხოებას სამი კომპონენტის ერთობლიობა უზრუნველყოფს.

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განათლება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კანონის აღსრულება, ქვეყანაში ერთნაირად მაღალ დონეზე უნდა იდგას. გელა კვაშილავას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს ვერ ავცდებით.

"ტრანპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სტრუქტურა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.

ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კვლევისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარების არც ერთი სამსახური არ არსებობს," - აღნიშნავს მესხიშვილი.

მისი თქმით, პრობლემა სიღრმისეულია და ის მძღოლების განათლების ხარისხით იწყება.

"ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ მძღოლების დიდმა ნაწილმა ჩვეულებრივი საგზაო ნიშნებიც კი არ იცის,"- ამბობს მესხიშვილი.

დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმების განახევრებასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ გადადგმული, პოპულისტური ნაბიჯი იყო.

"დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ ალაპარაკდა ამ სანქციების გაზრდაზე.

ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ოთხი წლის წინ გამოუსწორებელი შეცდომა იყო დაშვებული.

მის შედეგებს ვიმკით დღეს. იმ დღიდან მოყოლებული, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს და გარდაცვლილებისა და დაშავებულების რიცხვი 40%-ითაა გაზრდილი. ეს არის კატასტროფა.

მისი თქმით, ქვეყანაში კამერებისა და რადარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პრობლემებია.

"ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, კამერების დიდი ნაწილი გამორთულია, ვერ გეტყვით ვერანაირ მიზეზს, თუმცა ამას თავად მძღოლები აღნიშნავენ.

რაც შეეხება რადარებს, მძღოლებმა იციან, თუ სად არის დამონტაჟებული სიჩქარის მზომი. მთელი საქართველოს მასშტაბით, ავტომაგისტრალებზე, სულ ასი რადარია საჭირო იმისათვის, რომ ყოველ 7-8 კილომეტრში განთავსდეს, რაც უზრუნველყოფდა მოძრაობის უსაფრთხოებას გარკვეულწილად მაინც,"- აღნიშნავს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.

მესხიშვილის თქმით, ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი უნდა ჩაიდოს პრევენციაში. სარეკლამო რგოლების მომზადებასა და აგრესიულ სოციალურ კამპანიაში.

"ეს კამპანია უნდა იყოს ემოციური და არა ისეთი, როგორიც ჩვენთან გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანია, შვედეთი, ნორვეგია, ანუ ის ქვეყნებიც კი რომლებიც საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, პირველ ადგილზე არიან, იყენებენ ძალიან მძიმე საყურებელ ვიდეორგოლებს.

ეს ხდება იმისათვის, რომ ადამიანს აღარასოდეს მოუვიდეს თავში აზრად, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომა,"-აღნიშნავს "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე.

მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ურჩი მძღოლებისთვის რეგულაციები უნდა იყოს გაცილებით მკაცრი და ამ მხრივ ქვეყანას მნიშვნელოვანი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.

ქრისტინე გამთენაძე

წყარო ALLNEWS.GE