თბილისში მინა-პლასტიკის საწარმო აშენდება

მიმდინარე წლის ბოლოს, თბილისში ლილოს დასახლებაში ახალი, მინა-პლასტიკის საწარმო აშენდება.

,,კონსტრაქტვიჟენს” პროდუქციის გამოშვებას და ადგილობრივ ბაზარზე მის რეალიზაციას დაიწყებს.

როგორც საწარმოს დირექტორი გიორგი შარაშიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, პირველ ეტაპზე კომპანია ორიენტირებული იქნება ქართულ ბაზარზე, თუმცა მომავალში ევროპის ქვეყნებში ექსპორტსაც განახოციელებს.

"მასალა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, არის ანტივანდალური, უწვადი და მისი დაზიანება საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, მას მრავალმხრივ მოიხმარენ. მინა-პლასტიკა წარმატებით გამოიყენება როგორც მელიორაციაში, ისე სამხედრო თვითმფრინავებისა თუ სპორტული ავტომობილების დამზადებისას. მთელ მსოფლიოში აქტუალურია მინა-პლასტიკის გამოყენება, რადგან ხეზე ბევრად უფრო მდგრადია და გაცილებით ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ის, რომ მინა-პლასტიკის შემადგენლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა”, - აღნიშნავს გიორგი შარაშიძე.

კომპანია ,,კონსტრაქტვიჟენს” მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 700 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა.

შარაშიძე მიიჩნევს, რომ ქართული ბაზარი ახალ, ინოვაციურ პროდუქტს წარმატებით აითვისებს. შესაბამისად, საწარმოს დირექტორი ვარაუდობს, რომ მათ მიერ უფრო დიდი ინვესტიციის განხორციელებაცაა შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, საწარმოში მინიმუმ 70 ადამიანი დასაქმდება.

,,ჩვენ ასევე ავიღეთ გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა, რომლიც ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს. საწარმო ოცამდე ყოფილ პატიმარს დაასაქმებს”, - აღნიშნავს გიორგი შარაშიძე.

მისივე განმარტებით, საწარმოს შექმნის გადაწყვეტილება, ბაზრის წინასწარი მოკვლევის შედეგად იქნა მიღებული. მცირე შეკვეთებს კომპანია იჯარით აღებულ საწარმოში უკვე ასრულებს. ამ ეტაპზე კომპანიას კონკრეტული ნიშა აქვს აღებული. მინა-პლასტიკისგან ნაგვის ურნები, სკამები და საყვავილეები მზადდება.

ქრისტინე გამთენაძე