გურჯაანში გარემოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გურჯაანში გარემოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, გარემოვაჭრეებს გურჯაანის აგრარულ ბაზარში გადასვლა არ სურთ. მოვაჭრეების ნაწილი ამის მიზეზად მძიმე ანტისანიტარულ პირობებს ასახელებს, ნაწილი კი ქუჩაში იმ მოტივით ვაჭრობს, რომ ბაზარში ადგილის ღირებულების გადახდა არ სურს.

"უფლებას არ გვაძლევენ, რომ დავდგეთ და ვივაჭროთ. ბაზარში გადასახადი მაღალია, ისედაც ბანკიდან გვაქვს გამოტანილი სესხი და დაფარვა გვიჭირს, ხომ შეიძლება მოგვცენ არსებობის უფლება?" - განაცხადა მოვაჭრე ნანული ყვირილაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გივი გერგიძეს თქმით, ხელისუფლების სურვილია ქალაქში იყოს სისუფთავე, მთავრობამ გარე მოვაჭრეებს აგრარულ ბაზარში გადასვლა შესთავაზა და მოქალაქეები ვალდებული არიან კანონს დაემორჩილონ.