ზურაბ პატარაძეს აჭარის ტურიზმის მიზნები და გამოწვევები გააცნეს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.

აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, თემაზე პრეზენტაცია დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა გამართა და ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ სტუმარ-მასპინძლობის მიმართულების გაუმჯობესებაზე.

„აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს გავაცანით ყველა პროექტი, რომელიც გეგმაშია და ახლო მომავალში განხორციელდება და ასევე, გავაცანით საკითხები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში გამოწვევებს ქმნის და უნდა გადაილახოს არა მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ, არამედ კონსოლიდირებული მუშაობის შედეგად. პრობლემების კუთხით ყურადღებას ვამახვილებთ არსებული მომსახურების პრაქტიკაზე სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. აუცილებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ტურისტული პროექტების განვითარებას ფეხს ვერ უბამს რიგ შემთხვევაში სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურა და ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ საზღვაო კურორტებზე ჩამოსული ტურისტები ადვილად მივიზიდოთ სოფლად თუ მთაში. ასევე არის პრობლემები ანალიტიკურ ნაწილშიც, ჩვენ რიგ შემთხვევებში ვერ ვფლობთ სრულ ინფორმაციას ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მოხდა ამ პრობლემის გააზრება და არსებობს ამ გზების გადაჭრის გზები. ახალი წლიდან დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას“, - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით კი, ტურიზმი რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ტურიზმი ჩვენი პრიორიტეტია. დღეს მოვედი და გავეცანი მიმდინარე პროექტებს. მოვისმინე ანგარიშები იმის შესახებ თუ რა პრობლემები არსებობს. თანამშრომლებს გავეცანი და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ეფექტური მუშაობისთვის, გვაქვს ტურისტების მატება რეგიონში, დავგეგმეთ რიგი ღონისძიებები და ჩვენი ერთობლივი მუშაობა ძალიან ეფექტური იქნება. მნიშვნელოვანია სერვისების გაუმჯობესება და ჩვენ ვმუშაობთ ამ კუთხით. არის ფრენების მატება, 81 რეისი სრულდება ყოველკვირეულად, უამრავი უცხოელი ტურისტი სტუმრობს რეგიონს. ყურადღებას ვამახვილებთ ასევე შიდა ტურიზმზე. მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში შედგა.