7-ვარსკვლავიანი სასტუმრო Autograph Collection-ის  მშენებლობა 2018 წელს დასრულდება

თავისუფლების მოედანზე უმაღლესი კლასის ბრენდის სასტუმროს Autograph Collection-ის მშენებლობის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

7-ვარსკვლავიანი სასტუმროს ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ დოლარია.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სასტუმროში 6 კატეგორიის 220 ნომერი, 2 სხვადასხვა ფორმის საკონფერენციო დარბაზი, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნეს ცენტრი და „ინფინიტი“ საცურაო აუზი განთავსდება. კომპლექსი საბაგიროთი დაუკავშირდება სასტუმრო "სოლოლაკს". სასტუმროს ვიზიტორებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ბევრი ინფრასტრუქტურული შეთავაზებები, მათ შორის სპორტულ-გამაჯანსაღებელი.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული და დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები შშმ პირებისთვის. Autograph Collection ბრენდის მიერ კი უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების უმაღლესი დონე.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით კიდევ ორი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. 5-ვარსკვლავიანი შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსის ჯამური საინვესტიციო მოცულობა, 75 მლნ დოლარია. კომპლექსის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება, რაც შეეხება სასტუმრო "სოლოლაკს", რომლის საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი დოლარია, ის 2019 წლისთვის დასრულდება.

ქრისტინე გამთენაძე