გიორგი კვირიკაშვილი - კარგია რომ მიწის რეგისტრაცია მნიშვნელოვნად მარტივდება

მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი 1-ელი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მიწის ბაზრის მოწესრიგებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, დღესდღეობით მიწის მასის მხოლოდ 25% არის რეგისტრირებული, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან მოსახლეობა მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას ვერ ახდენს.

„კერძო სექტორისთვის ზოგადად ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ამიტომ კარგია, რომ მიწის რეგისტრაციის სისტემა მნიშვნელოვნად მარტივდება, სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტებითაც და ვფიქრობ, რომ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენ გაცილებით უფრო ჯანსაღი სურათი გვექნება. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, მეორე მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის სოციალური საკითხიც, რადგან ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი დღესდღეობით ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობაში არის ჩართული. ვფიქრობთ, სოფლად მოსახლეობის დამაგრებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, შექმნას მექანიზმები, რომელიც ყველანაირ რისკებს და კანონის ბოროტად გამოყენებას გამორიცხავს.

საპილოტე პროექტი მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის შესახებ 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.