რატომ იხდიდა დევნილთა სამინისტრო 1 კვ.მ. საცხოვრებელ ფართში 500-600 დოლარს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე გაზეთ „რეზონისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამინისტროს დღევანდელ პოლიტიკას აკრიტიკებს

და ბევრ სხვა საკითხთან ერთად უმთავრესად დევნილებისთვის ბინების შესყიდვაში სამინისტროს მიერ ზედმეტად დახარჯულ თანხებზე საუბრობს.

დავით დარახველიძის თქმით, მისი მისი მინისტრობისას 2088 დევნილისთვის 22-სართულიანი ბინის იაფად მშენებლობის პროექტი ჰქონდა, ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილი იყო, მაგრამ ის მოხსნეს და ეს პროექტი ეკონომიკური საბჭოს მითითებით დღევანდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჩაშალა. ნაცვლად კი, სამინისტრომ უფრო ძვირად იყიდა ბინები და თან ბევრად ნაკლები, რაც მისი პროექტით იყო გათვალისწინებული.

„უნდა დაწყებულიყო მასობრივი მშენებლობები. ამის თაობაზე ტენდერიც გამოცხადებული იყო. ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლინდა - ერთ-ერთი უცხოური კომპანია. პროექტი ძალიან მასშტაბური იყო, 22-სართულიანი რვა სახლი უნდა აშენებულიყო კრწანისში, რომელიც ახლა უკვე ექსპლუატაციაში იქნებოდა შესული და იქ 2088 ოჯახს უნდა მიეღო ბინა. ტენდერის მიხედვით 1კვ.მ-ის ფასი დაახლოებით 300 დოლარი დაფიქსირდა, ხოლო სამინისტროს, მაგალითად, ჩინური კომპანიისგან 1კვ.მ 530 დოლარი, ზოგ შემთხვევაში 600 დოლარი დაუჯდა. რამდენადაც ვიცი, ქუთაისში რამდენიმე შესყიდვა განახორციელეს 450 დოლარად. ერთი სიტყვით, გაცილებით ძვირად შეისყიდეს“, - აცხადებს დავით დარახველიძე.

მისივე თქმით, მის პროექტთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდათ ეკონომიკურ საბჭოს, რომელსაც სურდათ ფული გაჩერებულ მშენებლობებში წასულიყო და დევნილებს ბინები გაჩერებული მშენებლობების დამთავრებით მისცემოდათ

„არანაირად არ მინდოდა, დევნილთა საბინაო თემაში შემოსულიყო გაკოტრებული კომპანიების თემა. ვთვლიდი, რომ ამ შემთხვევაში წინა პლანზე წამოვიდოდა გაკოტრებული კომპანიების, ბიზნესის ინტერესები და არა - დევნილი მოსახლეობის. ამის შემდეგ რადენიმე თვეში მოხდა ჩემი გათავისუფლება, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მიზეზი ეს იყო, თუმცა, შემდეგ ეს ტენდერი ახალმა მინისტრმა გააუქმა და მათ ბინების შეძენა ბაზარზე დაიწყეს. მათ შორის ამ გაკოტრებული კომპანიებისათვის ფულის ავანსად ჩარიცხვაც კი.

გასული 2 წლის მანძილზე კი, ბინები მიიღეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ იმ ფასად, რა ფასადაც სამინისტრომ ბაზარზე დევნილებისთვის ბინები იყიდა, აშენების შემთხვევაში ორჯერ მეტი ბინის აშენება იყო შესაძლებელი“, - აცხადებს დავით დარახველიძე.

დევნილთა ყოფილი მინისტრის თქმით, გაკოტრებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი სწორედ "ცენტრ-პოინტი" იყო.

„სუბარმა თქვა - კომპანიამ ტენდერი მოიგო, მაგრამ შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინაო. რაც სუბარმა თქვა, არასწორი და გაუგებარი განცხადება იყო. ერთი, რომ სინამდვილეში ტენდერი არ ყოფილა, ეს იყო კონკურსი; მეორეც, თუ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა, მაშინ საერთოდ რატომ მიაღებინეს მონაწილეობა?“, - აცხადებს დავით დარახველიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი „რეზონანსი"