სიღნაღის სასტუმროები ტურისტების შემცირებას უჩივიან

სიღნაღი ტურისტების რაოდენობას არ უჩივის, თუმცა სასტუმროები თითქმის ცარიელია.

როგორც ადგილობრივი სასტუმროების მენეჯერები "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, შარშანდელ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ სასტუმროებში მკვეთრად იკლო.

სასტუმრო "ფიროსმანში" აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით, სასტუმროში ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული.

"ტურისტებისა რაოდენობის შემცირება ფასების ზრდამ გამოიწვია. შარშან ერთი ნომრის მაქსიმალური ღირებულება 120-130 ლარი იყო. წელს ეს თანხა 145 ლარამდე გაიზარდა. ერთი ნომრის მინიმალური ფასი კი 85 ლარიდან იწყება. ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ ადრე ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიოდნენ, ახლა ძირითადად, რუსები შემოდიან", - აცხადებენ სასტუმრო "ფიროსმანში".

სასტუმრო "სოლომონ 1805"-ში აცხადებენ, რომ ტურისტების შემცირება ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. ტურისტები ძირითადად, ლატვიიდან, ლიტვიიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან შემოდიან. სასტუმრო "სოლომონ 1805"-ში სტანდარტული ნომრის ღირებულება 145 ლარს შეადგენს, საპრეზიდენტო ნომრის ღირებულება კი 280 ლარია.

სასტუმრო "ბრიგიტე"-ში კი ამბობენ, რომ სიღნაღში ტურისტებით სავსეა, თუმცა სასტუმროებს ეს არ ეტყობა.

"ტურისტები სიღნაღში ღამის გათევისაგან თავს იკავებენ და ძირითადად, ისევ თბილისში ბრუნდებიან", - ამბობენ "ბრიგიტეში".

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 011 680 შეადგინა, რაც 18, 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თიკო გურაშვილი