ყველაზე ძვირად ღირებული კაკალი

ფისტას სამ ნერგს ყველა მსურველი მიიღებს

დღეს „თბილისი მერიოტში“ საქართველოში ფისტას კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება, სადაც განხილული იქნება ფისტას განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

ეს მცენარე გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებით. კერძოდ, გაუდაბნოებისა და ეროზიის წინააღმდეგ. ფისტა ყველაზე ძვირადღირებული კაკალია.

ღონისძიებაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოში ფისტას ასოციაციის მიმდინარე პროექტებზე. „ფისტა ჩვენს ოჯახში“ ფარგლებში ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ფისტას ნერგები. მსურველებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა და პროექტის ფარგლებში ფისტას ნერგების მიღება.

ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება კვლევა-მონიტორინგი, რომლის მიზანია გამოვლინდეს ფისტას კულტურისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო.

დამატებითი ცნობები საქართველოს ფისტას ასოციაციის შესახებ

საქართველოში ფისტას კულტურის მიმართ მზარდი ინტერესი როგორც ფერმერთა, ასევე მეცნიერთა მხრიდან, საფუძვლად დაედო 2016 წლის მაისში „საქართველოს ფისტას ასოციაციის“ შექმნას. ასოციაციის მიზანია საქართველოში ფისტას კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და მისი მრავალმხრივი უპირატესობის გაცნობა ქვეყნის მოსახლეობისათვის. იმისათვის, რომ ამ კულტურით დაინტერესებულ ფერმერთა საქმიანობა ეფუძნებოდეს მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას და წარიმართოს ნაყოფიერად, ასოციაციასთან შეიქმნა შესაბამისი გამოცდილებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებისაგან შემდგარი აკადემიური საბჭო.

გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ ამოცანას გაუდაბნოებასთან ბრძოლა წარმოადგენს. ეს პრობლემა საქართველოშიც მძაფრად დგას, განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. ფისტა არ საჭიროებს განსაკუთრებული მოვლას, დიდი რაოდენობით წყალს. მცენარე ხარობს ნახევრადუდაბნოს ტიპის ნიადაგზე.

აღსანიშნავია, რომ ფისტას მეურნეობა სრულად თავსდება მდგრადი განვითარების პრინციპებში. ფისტას პროდუქტიულობა გრძელდება 300-400 წელი. ნიადაგის გასანოყიერებლად მას არ ესაჭიროება ქიმიური სასუქები. საქართველოს პირობებში ფისტას მოსავალი იქნება ეკოლოგიურად სუფთა.

დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული ფისტა მთლიანად იმპორტირებულია. ამ კულტურის მოშენებით, ერთის მხრივ, მოხდება იმპორტის ჩანაცვლება, მეორე მხრივ, კაკლისებრთა სახეობის ექსპორტში ქვეყნის საერთაშორისო პოზიციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, რაც, ბუნებრივია, აისახება მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.