როგორ აყალბებდნენ PERSIL-სა და ARIEL-ს საქართველოში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი ფხვნილების PERSIL-ისა და ARIEL-ის კუსტარული წესით დამზადებისათვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

როგორც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, გამოვლენილია სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი და აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გადირ ახმედოვი, ოქტაი მამედოვი და ალი ნურიევი საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების, PERSIL- ისა და ARIEL- ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.