ზურაბ ჭიაბერაშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა.

როგორც  პარტიაში განაცხადეს, ზურაბ ჭიაბერაშვილი საგამოძიებო ორგანოებიდან მოითხოვს შეისწავლონ „აგროდაზღვევის“ პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, გიორგი ბადაშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას, საზოგადოებას წარუდგინონ ინფორმაცია იმ გამოძიების შესახებ, რომელიც კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობს.

საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მომხდარი სტიქიის კვალზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტოს“ მონაწილეობით ფულის გათეთრებისა და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობთ დაუფლება-მისაკუთრების ფაქტი გამოვლინდა.

სახელმწიფო სახსრების მითვისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოყენებული იქნა იარაღად, საიმისოდ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკებს მიეთვისებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები. მოსახლეობა ენდობოდა მათ, ვინაიდან „აგროდაზღვევა“ გამოცხადებული იქნა სახელმწიფო პროგრამად და დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ დაფუძნებული ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტო“.

ამ დრომდე გაურკვეველია დანაშაულებრივად შემუშავებული სქემით დაზარალებული საგარეჯოს რაიონის მოსახლეობის ბედი და მათ ამ დრომდე არ ანაზღაურებიათ სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ამ ორგანოებმა შეისწავლონ „აგროდაზღვევის“ პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი, გამოავლინონ დანაშაულებრივი ჯგუფის ბრალეული პირები, მისცენ ისინი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სადაზღვევო თანხების მიღებაში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.