თბილისსა და რეგიონებში მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები აშენდება

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს , - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად განაცხადა.

როგორც  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი.

მათივე განმარტებით, უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის გაჯანსაღებაში. კანადური და სლოვაკური ინვესტიციით მშენებლობა გაგრძელდება 1 წელი და დასრულდება 2017 წლის ივნისში. თანხის გადახდა განხორციელდება 2016-2021 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს კონტრაქტორის სახსრებით 2017 წლის მაისამდე. მშენებლობებზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე სამუშაო ადგილები გაჩნდება.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს, საქართველო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში, ასევე მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატს ხელბურთში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში და სხვა. განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. შედეგად, სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზების თვალსაზრისით, საქართველო პრაქტიკულად ჩამოყალიბდა წამყვან სპორტულ რეგიონულ ცენტრად.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წელს სპორტული კომპლექსები აშენდება თბილისსა და რეგიონებში: მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში; ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში (მშენებლობა დაიწყება 2017 წლის თებერვალში მთავრობასთან შეთანხმებით); 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.