ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით კამპანიას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის“ დღეს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გაიმართა.

”დღეს მოხდა ფინანსური განათლების სტრატეგიის წარდგენა. დოკუმენტზე მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ეროვნულ ბანკში. მისი დამუშავება დონორების დახმარებით ხდებოდა. ფინანსური განათლება ის საკითხია, რომელზე მუშაობის დაგვიანება არაფერით არ შეიძლება, რადგანაც ის მოგვცემს იმ შედეგებს, რომელიც მომავალში გარკვეულწილად აგვაცილებს ბევრ გართულებას მომხმარებლებთან დაკავშირებით. ფინანსური განათლება მჭიდრო კავშირშია მომხმარებელთა დაცვასთან. ჩვენ შეიძლება ბევრი რეგულაცია და წესი გვქონდეს მომხმარებლების დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც მომხმარებელი იღებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს, რაზე დაფუძნებით იღებს მას, იყოს კარგად ინფორმირებული თითოეულ თავის გადაწყვეტილებაში. სწორედ ამ საქმის დაწყებას ემსახურება აღნიშნული სტრატეგია”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდნეტმა კობა გვენეტაძემ.

ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკს კონსულტაციას საერთაშორისო ექსპერტები უწევდნენ. SBFIC-ის მიერ მოწვეული ფინანსური განათლებისა და ფინანსური მომსახურების რეგულირების სფეროს დამოუკიდებელი ბრიტანელი კონსულტანტი შონ მანდი აქტიურად იყო ჩართული ფინანსური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. 2003-2007 წლებში მანდი უძღვებოდა დიდი ბრიტანეთის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების პროცესს, 2008 წლიდან კი ისეთ ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციას, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ასოციაცია (GIZ), გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (SBFIC) და სხვ.

”დღევანდელ სამყაროში უკვე ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ფინანსური განათლება. ჩვენი სტრატეგია ცალსახად განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, რომელიც დაეხმარება ქართველ მომხმარებელს. სტრატეგიის ძირითადი საკითხები ემსახურება იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც მუშაობენ, ან უმუშევრები არიან, ან ადამიანები, რომელთა წინაშე არის ცხოვრებისეული ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები - უნივერსიტეტში სწავლა, ქორწინება და ა.შ. ამ ჩვენი სტრატეგიის მეხშვეობით ვეხმარებით ადამიანებს, რომ სწორად განკარგონ ამ საკითხებისთვის გამოყოფილი თანხები”, - განაცხადა შონ მანდიმ.

ღონისძიებას დაესწრო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი თქმით, ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი არის განათლება.

”ზოგადად, განათლების რეფორმა არის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება ზოგადად, საზოგადოების ფინანსურ განათლებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის ეს პოლიტიკა აბსოლუტურად მისასალმებელია. როგორც აკადემიური წერეები, უნივერსიტეტები - ამ საქმის პროფესიონალები, ასევე საქართველოს მთავრობა უნდა დავეხმაროთ ეროვნულ ბანკს და ერთობლივი ქმედებებით უნდა შევეცადოთ, რომ განათლების, მათ შორის, ფინანსური განათლების დონზე ავამაღლოთ”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

დღესვე კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოსახლეობის ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის თემაზე ეროვნული ბანკის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებსაც გასცნობოდნენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის კვლევა, რომელიც კვლევითი ორგანიზაცია „სონარის“ ჩართულობითა და „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით განხორციელდა, მეტწილად ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/International Network for Financial Education (INFE))-ს საერთაშორისო კითხვარს. აღნიშნული კვლევა მოსახლეობის ფინანსური ცოდნას, ქცევასა დამოკიდებულებებს შეისწავლის; გარდა ამისა, ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ მოსახლეობის მიერ ფინანსური პროდუქტების ცოდნა და გამოყენება, შევაფასოთ შინამეურნეობების მიერ სესხების მართვის ხარისხი და განვსაზღვროთ მოსახლეობის ვალის ტვირთის მიახლოებითი დონე.

ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, ეროვნულმა ბანკმა დღეს კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი წარმოადგინა: სებ-მა, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსა და მომავალ ბინათმესაკუთრეებს ინფორმატიული და ადვილად აღსაქმელი ორი საგანმანათლებლო ბროშურა შესთავაზა. კონფერენციის მონაწილეებს დღეს ამ გამოცემების ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს მთავრობის, საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.