ნორვეგიამ მეზობელ ფინეთს შესაძლოა მთა აჩუქოს

ნორვეგიამ მეზობელ ფინეთს შესაძლოა, საჩუქრის სახით ჰალტის მთა გადასცეს.

ხელისუფლება მსჯელობს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კოფიორდის კომუნის ინიციატივაზე, რომლის თანახმად რუსეთისგან ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ფინეთს უნდა გადაეცეს ჰალტის მთის მწვერვალი.

ჰალტი ფინეთის ყველაზე მაღალი წერტილია, რომელიც ფინეთ-ნორვეგიის საზღვრზე, 1 324 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თუმცა, მთის მწვერვალი ნორვეგიის ტერიტორიაზეა.

კოფიუროდის კომუნაში, სადაც ჰალტის მწვერვალი მდებარეობს, მიიჩნევენ, რომ მისი ფინეთისთვის გადაცემა კარგი სადღესასწაულო საჩუქარი იქნება.

კომუნას სურს, გადაწიოს ნორვეგიის საზღვარი 40 მეტრით ისე, რომ ჰალტის მწვერვალი ფინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს.

ნორვეგიული მედია წერს, რომ ამ ინიციატივას ქვეყნის პარლამენტში სკეპტიკურად უყურებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი მიიჩნევენ, რომ იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

თუმცა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა უკვე დაადასტურა, რომ მთავრობა მზად არის, ჰალტის მწვერვალის ფინეთისთვის გადაცემაზე იმსჯელოს.