როგორ მოაგნო კალიფორნიელმა მოხალისემ ფშაველ "ეკობიჭს" საქართველოში

ახალგაზრდა, წარმატებულ ფერმერ ნოდარ ტოხოსაშვილს ყველა "უკანა ფშაველ ეკობიჭად" იცნობს.

ის ახლაც თავის მამულში (ვაკისოფელი) ჩვეულ რიტმსა და რეჟიმში აგრძელებს თავდადებულ შრომას. იქ ცხოვრებისთვის არც ისე სახარბიელო პირობები აქვს, თუმცა არ ჩერდება.

გუშინ ბარში ჩამოსული დავიმარტოხელე, მოვიკითხე და გავესაუბრე კიდეც. როგორ ხარ-მეთქი? გლეხურად და სტაბილურად არის ყველაფერი, - მიპასუხა.

ნოდარს ამჟამად კალიფორნიელი მოხალისე ჰყავს სტუმრად, რომელიც ზაფხულს მასთან ერთად, შრომაში ატარებს და ყველანაირ საქმეში ეხმარება...

- კალიფორნიელმა ფშავში როგორ მოგაგნო?

- არის ასეთი საიტი www.wwoofindependents.org, სადაც ვისაც მეურნეობა აქვს და ვისაც მუშაობა და გარემოს შეცვლა უნდა, თავიანთ პროფილებს დებენ და შემდეგ მათ უკავშირდებიან. საიტზე ჩემი პროფილი ერთი წლის წინ შევქმენი, საკუთარ თავზე მოკლედ დავწერე ყველაფერი. აქ ჩამოსვლის ძალიან ბევრი მსურველი აღმოჩნდა, მაგრამ ყველას ვერ ვპასუხობდი, რადგანაც მთაში ვიყავი.

მოკლედ, 19 წლის ბრაიან ფორდიც მაგ საიტზე გავიცანი, იანვარში მომწერა, შემდეგ "ფეისბუქზე" მეტად დავმეგობრდით, საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს, ცხოვრობს კალიფორნიაში, ქალაქ პიედმონტში.

- ფერმერია?

- არა, ფერმასთან არანაირი შეხება არ აქვს... უბრალოდ გარემოს შეცვლა უნდოდა. ამიტომ, კოლეჯში იმუშავა, ფული დააგროვა, ბილეთი იყიდა და ჩამოვიდა... ყველაფერში მეხმარება, ბეჯითია, მთავარია აუხსნა და მხარში მიდგას, საქონელში, ბოსტანში, სახლში... განსაკუთრებით ჩვენი საკვები მოსწონს, ამბობს, რომ ასეთი გემო მათთან არაფერს აქვს. სულ ორგანიკაზეა, მთის მცენარეების ჩაის სვამს, ნატურალური რძის პროდუქტებს და პურს ჭამს, ჩაის უშაქროდ მიირთმევს... ფშავიც ძალიან მოსწონს, ამბობს, რომ კალიფორნიაში ასეთი მრავალფეროვანი ბუნება თითქმის არ არის.

- ცხოვრების მძიმე პირობებზე და იმაზე, რომ კავშირგაბმულობა არ გაქვთ, რას ამბობს?

- კი, ჩვენთან კავშირგაბმულობა სერიოზული და ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემაა და ამ მხრივ არაფერი იცვლება, გზა კი გვაქვს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ძველებურადაა. ბრაიანი გვეუბნება, რომ მეგობრები მის ამ ნაბიჯს ვერ იგებენ, კერძოდ, იმას, თუ

Advertisement

რატომ წამოვედი ისეთ ფერმაში, სადაც კავშირგაბმულობა და ელექტროენერგიაც კი არ არისო?!

- რამდენი ხნით არის ჩამოსული?

- 2 თვით. 25 აგვისტოს მიდის.

- შარშანდელთან შედარებით, შენს მოსავალს წელს როგორი პირი უჩანს?

- მოსავლისთვის ჯერჯერობით კარგი ამინდებია, მაგრამ ორი თვე კიდევ წინ არის. წელს კიდევ ერთი გრანტი დაგვიფინანსდა და მეფუტკრეობის ინვენტარი შევიძინეთ, ასევე ტრენინგები ჩატარდა. ერთ-ერთი, რაც გვინდა და მუშაობაში ხელს გვიშლის, კავშირგაბმულობაა, კონტაქტს ვერავისთან ვამყარებთ.

ამიტომ, თხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კვირიკაშვილს და კიდევ სხვებსაც, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ეხება. დაგვეხმარონ და ნუ დაგვტოვებენ სამყაროსთან კავშირის გარეშე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE