რა ბედი ელის რიყეზე თეატრის უჩვეულო შენობას?

რიყეზე მშენებარე მუსიკისა და დრამის თეატრის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

მშენებლობა 2011 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და 75 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია.  2013 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პროექტის დაფინანსება შეწყვიტა, ამ დროისთვის კი შენობა მიტოვებული და დანაგვიანებულია.

როგორც "მთელ კვირას" მერიაში განუცხადეს, დასრულდება თეატრის მშენებლობა თუ მისი დემონტაჟი მოხდება, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რადგან ამისთვის დიდი თანხებია საჭირო.

"მშენებლობის დასრულება უზარმაზარ თანხებთან, მილიონებთან არის დაკავშირებული. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლობის პროცესში ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. რაც შეეხება დემონტაჟს, ამასაც კოლოსალური თანხები სჭირდება. ამიტომ ამ შენობასთან დაკავშირებით რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ახლაც მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია," - აცხადებენ მერიაში, სადაც არ აქვთ პასუხი კითხვებზე, შენობის დასრულებისთვის (ან დემონტაჟისთვის) კონკრეტულად რა თანხაა საჭირო, რა ხარვეზებზეა საუბარი და რა ვადაში გადაწყდება შენობის ბედი.

საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ახვლედიანი, რომელიც თეატრის მშენებლობის დროს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "კოლოსალური თანხები" არც შენობის დასრულებას უნდა და არც დემონტაჟს.

"თეატრის დასრულებას რა თანხა უნდა, ამის თქმა ზუტად გამიჭირდება, მაგრამ კოლოსალურ თანხებთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული.

შენობის კარკასული ნაწილი, ასევე გარე ფასადი მთლიანად დასრულებულია და კომუნიკაციები ბოლომდეა მიყვანილი. თეატარი ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთში რამდენიმე წლის წინ ღონისძიებაც გაიმართა. სამწუხაროდ, მერია მხოლოდ საუბრობს და ვერაფერს აკეთებს. ელემენტარულად გზას ვერ აგებენ და ამ არქიტექტურულად რთული კონსტრუქციის დასრულება ალბათ მათვის გადაუწყვეტელი საკითხია, რასაც ვერაფრით აგვარებენ. რაც შეეხება იმას, რიყეზე მსგავსი შენობის არსებობა ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა საკითხია, გემოვნებაზე არ დავობენ," - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

მისი თქმით, თეატრის მშენებლობის პროცესში არანაირი შეცდომა არ დაშვებულა და ის აშენდა ზუსტად იმ პროექტის მიხედვით, რაც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა შექმნა.

"რაც შეეხება იმას, რომ თურმე თეატრი დარვევით არის აშენებული, ეს არის დიდი ტყუილი და ვინც ამას ამბობს, არის სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანი. არანაირი დარღვევა არ ყოფილა, ზუსტად იმ პროექტით არის აშენებული რა პროექტიც არსებობდა. უბრალოდ, ამ შენობას საბოლოოდ დასრულება სჭირდება.

"თუ ვერ ასრულებენ, კი არ უნდა აკრიტიკონ და მხოლოდ ილაპარაკონ, არამედ ელემენტარული კონსერვაცია მაინც მოახდინონ, რომ ახლოს მისვლა ვინმესთვის საფრთხის შემცველი არ იყოს. იქ შუშებია, დასასუფთავებელია და ეს მაინც უნდა მოაგვარონ," - ამბობს მამუკა ახვლედიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებული რამდენიმე პროექტი არ მოსწონდა, რისი გადატანითაც იმუქრებოდა, თუმცა დეპუტატის თქმით, ესეც ვერ მოახერხეს.

"როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ მშვიდობის ხიდი უნდა აეღოთ. ხიდი და თეატრი კი არა, ვარდების მოედნიდან "ველოსიპედიც" კი ვერ გადაიტანეს, რომელიც ასევე არ მოსწონდათ. მუდმივად ცდილობენ, რომ ის პროექტები მიჩქმალონ და ცუდად წარმოაჩინონ, რაც წინა ხელისუფლების დროს არის დაწყებული," - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობას ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მერმა გიგი უგლავამ ჩაუყარეს საფუძველი. შენობა 500-მდე მაყურებელზე იყო გათვლილი და მისი დასრულება 2012 წელს იგეგმებოდა. თუმცა, შენობის დემონტაჟზე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის დროსვე საუბრობდა და აცხადებდა, რომ მისი დიზაინი არ მოსწონდა. აღნიშნული თეატრი "ზარბაზნის პირსაც" კი შეადარა.

მოგვიანებით მშენებლობას დაფინანსება იმ მოტივით შეუწყდა, რომ საქმეში ექსპერტები ჩაერთვებოდნენ და უსაფრთხოების საკითხებს შეისწავლიდნენ, თუმცა ამ დრომდე არც ექსპერტების დასკვნაა ცნობილი და არც კონკრეტული გადაწყვეტილება.

ნინო ქეთელაური

გაზეთი „რეზონანსი"